„ჩინეთის ეკონომიკა ზღვაა და არა გუბე. შტორმს შეუძლია გუბის ამობრუნება, მაგრამ ვერასდროს გადაატრიალებს ზღვას“- ასე შეაფასა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების გავლენა ქვეყანაზე. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. ბრძანების თანახმად, ჩინურ იმპორტზე დაწესდა უკვე არსებულ ტარიფზე დამატებით 34%-იანი ტარიფი.

თუმცა, დონალდ ტრამპი 7 აპრილს ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ 34%-იან ტარიფებს 8 აპრილისთვის არ გააუქმებდა. ტრამპი ამბობდა, რომ თუ ჩინეთი უკან არ დაიხევდა, ახალი, 50%-იანი ტარიფები ძალაში 9 აპრილიდან შევიდოდა.

აშშ-ს თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაანონსებული 104%-იანი ტარიფი ძალაში შუაღამით, 9 აპრილის ღამის 12:01 საათზე შევიდა.