ჩინეთის ხელისუფლების მიერ დრონებზე დაწესებულმა საექსპორტო შეზღუდვებმა უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი ნაწილების რუსეთისთვის მიწოდება მნიშვნელოვნად გაართულა და ამჟამად გარკვეულ ტექნიკაზე, მაგალითად საფრენი აპარატების სითბური მხედველობის დანადგარებზე, დეფიციტი შეიქმნა.

რუსეთში დრონების მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა მარაგების შექმნა მოასწრეს და ახლა იმედოვნებენ, რომ მათი ჩინელი მიმწოდებლები რუსეთში პროდუქტის ექსპორტის ლიცენზიას მიიღებენ, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებას შესაძლოა წელი დასჭირდეს, რადგან ამისთვის საჭირო იქნება დაამტკიცონ, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს საბრძოლო მიზნებისთვის არ გამოიყენებენ. 

1-ელ სექტემბერს დრონების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად, რუსეთში შეწყდა 4 კილოზე მეტი წონის მქონე უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი ნაწილების ჩინეთიდან იმპორტირების პროცესი. გარკვეული სახის დანადგარებზე უკვე დეფიციტი არსებობს, მათ შორის აგროდრონებზე, რომლებიც საშუალოდ 30-40 კილოს იწონიან და რუსეთში მცირე რაოდენობით იწარმოება. მსგავსი დრონების თავდაპირველი დანიშნულება მათი სოფლის მეურნეობაში გამოყენება იყო, თუმცა ამ აპარატებს ომშიც აქტიურად იყენებენ.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, 2 წლის განმავლობაში გამკაცრდება იმ დრონების ექსპორტი, რომლებიც წონით 4 კგ.-ს აღემატებიან, ფრენის ხანგრძლივობით 30 წუთს და შეუძლიათ 7 კილოზე მეტი ტვირთის აწევა.

ამას გარდა, შეზღუდვა ვრცელდება დრონებზე, რომელთაც ტვირთის ჩამოგდებისა და დამაგრების ფუნქცია გააჩნიათ. ასევე, ნებართვა საჭირო იქნება დრონების მულტისპექტრული და ჰიპერსპექტრული კამერების მიწოდებაზეც. მსგავსი ტექნოლოგია სამოქალაქო სექტორში სასოფლო და სატყეო მეურნეობისთვის გამოიყენება. შეზღუდულია უპილოტო აპარატებზე დასამონტაჟებელი რადიოაღჭურვილობის, ინფრაწითელი კამერების, სითბური ხედვის ტექნიკის ექსპორტიც.