კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ჩინეთი კანადას ვერ შეაშინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე ჩინეთმა კანადის კონსული ქვეყნიდან გააძევა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც კანადამ ჩინელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ორივე დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ხუთი დღე აქვს.

„ჩვენ გვესმის, რომ არის საპასუხო ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რათა კანადელები დაცულნი იყვნენ უცხოური ჩარევისგან“, - განუცხადა ტრუდომ ჟურნალისტებს ოტავაში.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კანადამ ჩინეთი ოპოზიციონერი დეპუტატის, მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინებაში დაადანაშაულა. ოფიციალური ოტავის განმარტებით, პეკინმა ამ ზომას მას შემდეგ მიმართა, რაც დეპუტატმა ჩინეთის მთავრობას ადამიანის უფლებათა დარღვევაში დასდო ბრალი.