დონალდ ტრამპი, როგორც წესი, სიმშვიდით ან თავშეკავებით არ გამოირჩევა, მაგრამ ჩინეთის ერთ-ერთი სოფლის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოში დამზადებული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ფიგურა ღვთაებრივი განსჯის მდგომარეობაშია გამოსახული.
ნახევრად დახუჭული თვალებით, ბუდას მსგავს პოზაში გადაჯვარედინებული ფეხებით მჯდომი ამერიკელი ლიდერის ეს სკულპტურა ჩინელი დიზაინერისა და მოქანდაკის, ჰონგ ჯინშის ნამუშევარია.
ძენის (მიმდინარეობა ბუდიზმში - რედ.) სტილში შექმნილი ფიგურები, რომლებსაც, მათი ზომიდან გამომდინარე, ჰონგი 999-დან 20000 იუანამდე (დაახლოებით $140-დან $2700-მდე) ფასში ყიდის, 2021 წელს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა „ტაობაოზე“ ვირუსულად გავრცელდა და ჩინური მედიის ყურადღება დაიმსახურა.
ტრამპის მეორე ვადით ინაუგურაციის წინ, ქანდაკებაზე კვლავ დიდი მოთხოვნაა.
„არჩევნებში გამარჯვების შემდგომ დღეებში მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო“, - ამბობს ჰონგი, რომელმაც ქანდაკებები, თავდაპირველად, ხუმრობის მიზნით შექმნა.
47 წლის მოქანდაკის თქმით, ბოლო წლებში მან ასობით კერამიკული ნამუშევარი გაყიდა.
„ეს ქანდაკებები მყიდველებს ამხიარულებთ, რადგან ტრამპის პიროვნება და ქანდაკების ფორმა ორი საპირისპირო უკიდურესობაა“, - აცხადებს ჰონგი.
თითოეული ფიგურას თან გასდევს ჩინურ ენაზე დაწერილი ფრაზა, რომელიც ითარგმნება, როგორც „გახადე შენი კომპანია ისევ დიდებული“, რაც ამერიკის უპირატესობის აღდგენის შესახებ ტრამპის ცნობილი სლოგანის კალამბურს წარმოადგენს.
ამ ფიგურების ასლები ამერიკულ სავაჭრო პლატფორმებზეც კი გამოჩნდა, მათ შორის „ამაზონზე“, აგრეთვე ჩინურ „Temu“-ზე და 45 დოლარამდე ღირს.
ილან მასკი
„ავტორიტეტებზე და ცნობილ ადამიანებზე სიცილი ძალიან სახალისოა“, - ამბობს თავისი პატარა სტუდიის იატაკზე ფეხშიშველი მჯდომი ჰონგი.
მოქანდაკის სხეულზე თავისუფლად მორგებული თეთრი სამოსი, მისი გაპარსული თავი და რბილი ხასიათი მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ შექმნილ ექსცენტრიულ ობიექტებთან.
ჰოჰგმა ახლახან დაიწყო მუშაობა კიდევ ერთი ამერიკელი პერსონის ფიგურის შექმნაზე, რომელსაც ასევე იუმორისტული დატვირთვა ექნება. ეს არის ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ელონ მასკი, რომელიც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ქანდაკებაზე მილიარდერი გამოსახული იქნება მარველის სუპერგმირი რკინის კაცის სტილში. მას ეცმება ლითონის ჯავშანი, რომლის ქვეშაც კუნთები მკაფიოდ ჩანს.
თუმცა, ჰონგის ვერსიაში, მასკის ფიგურის შუაგულიდან დიდი რაკეტა გამოდის, რაც SpaceX-ის ხელმძღვანელის გალაქტიკურ ამბიციებზე მინიშნებას წარმოადგენს.
პატივისცემასა და შეურაცხყოფას შორის მყიფე ზღვარის მიუხედავად, ჰონგმა აღიარა, რომ ძალიან აღფრთოვანებულია მასკით, რომლის ელექტრომობილების კომპანია „ტესლას“ შანხაიში უზარმაზარი ქარხანა აქვს და ჩინეთში დიდი წარმატებით სარგებლობს.
„მასკის რაკეტები შთამბეჭდავია; მან რაკეტების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. მასკმა, როგორც ინდმეწარმემ, გააკეთა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ვერ შეძლო“, -განუცხადა ჩინელმა მოქანდაკემ სააგენტო „ფრანს პრესს“.
ძენი და გარიგების ხელოვნება
ჰონგმა უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა ჩინეთის მიმართ ტრამპის პოლიტიკაზე, რომელიც აზიის ქვეყანაში მგრძნობიარე თემაა.
თუმცა, 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, ბევრი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას ვარაუდობს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა პეკინის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავა და ჩინურ იმპორტზე კიდევ უფრო მაღალი ტარიფების დაწესების დაპირებით გამოვიდა.
უფრო ადრე, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში გაჩაღებული სავაჭრო ომის დროს, მან ჩინეთს მაღალი გადასახადები დაუწესა და ეს ზომები მისმა მემკვიდრემ, ჯო ბაიდენმა, დიდწილად, შეინარჩუნა.
ტრამპმა ჩინეთის ლიდერები თავისი მკაცრი რიტორიკითაც გააღიზიანა, როდესაც პეკინი ამერიკული ინდუსტრიის დაცემაში დაადანაშაულა, ხოლო კოვიდპანდემიის გამომწვევ ვირუსს „ჩინური“ უწოდა.
თუმცა, 78 წლის პრეზიდენტს ჩინეთში ჯერ კიდევ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ის დღესაც ისეთივე სასაცილოა, როგორიც ადრე იყო. როცა ის პრეზიდენტია, ყოველდღე საინტერესო ამბები ხდება“, - ამბობს ჰონგი.
განახლებული ინტერესის მიუხედავად, ჰონგი ტრამპის ქანდაკებებს ჩინურ საიტებზე მას შემდეგ აღარ ყიდის, რაც ამ ვებ-გვერდებზე რეკლამა წაიშალა, ალბათ იმიტომ, რომ ბუდისტებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.
თუმცა, შეკვეთები კვლავ მოდის ტურისტებისგან, რომლებიც ჰონგის სტუდიას სტუმრობენ, ასევე მეგობრებისა და ნაცნობებისგან.
„ახლა, როდესაც ის მეორე ვადით აირჩიეს, ქანდაკების პოპულარობამ კვლავ იფეთქა“, - აღიარებს ჩინელი მოქანდაკე.