ასულ წლის გაზაფხულზე, 26 ქვეყნის (ევროკავშირის 24 წევრი სახელმწიფო, პლუს, თურქეთი და ნორვეგია) 128 ქალაქში, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ტერიტორიებიდან, ყოველდღიურად ხდებოდა წყლის სინჯების აღება. ამფეტამინის, კოკაინის, მეტამფეტამინის, ექსტაზის და მისი აქტიური ინგრედიენტის, მეთილენედიოქსიმეთამფეტამინის (MDMA), ასევე კეტამინისა და კანაფის კვალის აღმოსაჩენად, დაახლოებით 68.8 მილიონი ნიმუშის ანალიზი ჩატარდა.
ანალიზებმა აჩვენა, რომ კოკაინის მოხმარება კვლავ ყველაზე მაღალია დასავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნების, განსაკუთრებით კი ბელგიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის დიდ ქალაქებში, რომელთა უმრავლესობაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოხმარების ზრდა დააფიქსირა.
კოკაინის მოხმარების კუთხით, აბსოლუტური ლიდერია ანტვერპენი. მას მოსდევს ტარაგონა, ამსტერდამი და ბრიუსელი. როგორც ანტვერპენის, ისე ბრიუსელის ჩამდინარე წყლებში კოკაინის ნარჩენების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, გაზრდილია.
კოკაინის მოხმარების მხრივ, ბელგია, გლობალური მასშტაბით, ძალიან მაღალ საფეხურზეა
ბელგიისთვის, გლობალურ მასშტაბით, არც ისე სახარბიელო სურათი იკვეთება: მაგალითად, ანტვერპენი მეოთხე ადგილზეა და მას მხოლოდ ლებუ (ჩილე), ლოს-ანჯელესი (აშშ) და ბელო-ორიზონტე (ბრაზილია) უსწრებს. ამ სიაში ბრიუსელი მეცხრე ადგილზეა.
სინთეტიკური ნარკოტიკი: MDMA-ს ძლიერი პოზიცია
2023-24 წლებში, ევროპის დიდი ქალაქების უმეტესობაში, ასევე გაზრდილია MDMA-ს მოხმარება. ამ ნივთიერებების კვალი ყველაზე მასიურად აღმოჩენილია ბელგიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის დასახლებების ჩამდინარე წყლებში.
აქ ანტვერპენს, ამსტერდამის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია ევროპის დიდი ქალაქების სიაში, ბრიუსელი კი მეექვსე ადგილზეა.
კეტამინის გაყიდვები ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა
რაც შეეხება კეტამინს, მისი „კვალი“ ყველაზე ხშირად ბელგიის, ნიდერლანდების, უნგრეთისა და ნორვეგიის ქალაქებში გვხვდება.
ანტვერპენი აქაც მეორე ადგილზეა (ეინდჰოვენის შემდეგ), ბრიუსელი - მერვეზე.
გასულ თვეში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბელგიის ჩამდინარე წყლებში 7-11-ჯერ მეტი კეტამინი იყო, ვიდრე დაახლოებით 10 წლის წინ. ამ კვლევის შედეგებს ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოს (ყოფილი „ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი“ -EMCDDA) ანგარიშიც მთლიანად ადასტურებს.
ნარკოტიკების მოხმარების „გრაფიკი“
ჩამდინარე წყლების ანალიზმა ნარკოტიკების ყოველკვირეული მოხმარების თავისებურებებიც გამოავლინა. გაირკვა, რომ ქალაქების სამ მეოთხედზე მეტში, ჩამდინარე წყლებში ბენზოილეკგონინის (კოკაინის მთავარი მეტაბოლიტი), კეტამინისა და MDMA-ის კვალი უფრო მაღალია შაბათ-კვირას (პარასკევიდან ორშაბათამდე), ვიდრე სამუშაო დღეებში.
ამის საპირისპიროდ, ამფეტამინის, კანაბისისა და მეტამფეტამინის მოხმარება კვირის განმავლობაში უფრო თანაბრად არის განაწილებული.
ნარკოტიკების მოხმარება მთელ ევროპაში იზრდება
ვექშედან (შვედეთი) დაწყებული და პორტოთი თუ ზაგრებით დამთავრებული, ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისგან თითქმის არცერთი ევროპული ქალაქი არ არის დაცული. 2023 წელთან შედარებით, გაზრდილია ექსტაზის, კოკაინისა და ამფეტამინის ნარჩენების დონე ჩამდინარე წყლებში, ხოლო კანაბისის შემცველობა შემცირებულია.
ყოველწლიური კვლევა, რომელმაც 2024 წელს ევროპული ქალაქების რეკორდული რაოდენობა მოიცვა, ნარკოტიკების გავრცელების ფართო მასშტაბს ნათლად წარმოაჩენს. ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოს დირექტორის, ალექსის გუსდელის თქმით, ექვსივე გამოკვლეული ნარკოტიკული ნივთიერების კვალი თითქმის 128-ვე ქალაქის ჩამდინარე წყლებში აღმოჩნდა.
წყარო: 1 არხი