დედამიწაზე ტემპერატურამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში  უფრო მაღლა აიწია, ვიდრე ნებისმიერ დროს ბოლო 800 000 წლის განმავლობაში – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„წლიური ანგარიში აღწერს პლანეტაზე მზარდი დათბობის ყველა ნიშანს: ოკეანის ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ზღვის დონე მატულობს, მყინვარები რეკორდული ტემპით უკან იხევს“, - წერს Associated Press.

„ჩვენი პლანეტა სულ უფრო და უფრო ხშირად იძლევა უბედურების სიგნალებს“ – მოჰყავს სააგენტოს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის კომენტარი.

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიში მთლიანად გლობალურ დათბობას ეძღვნება. ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილება დიდწილად განპირობებულია ადამიანის აქტივობით: ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის გადამუშავებით. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ 2024 წელი იყო ყველაზე თბილი დაკვირვებების მთელ 175-წლიან ისტორიაში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გლობალურმა დათბობამ გამოიწვია ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის გადაადგილების ყველაზე მაღალი დონე ბოლო 16 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ამან ხელი შეუწყო სასურსათო კრიზისისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების გამწვავებას.

გაერო იუწყება, რომ საერთაშორისო მიზნად ჯერ ისევ რჩება დათბობის შემცირება დონემდე, რომელიც არ აღემატება პრეინდუსტრიული ეპოქის მაჩვნენებლებს (1850-1900 წლები), 1.5 გრადუს ცელსიუსზე მეტად. 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1,55 გრადუს ცელსიუს ნიშნულს გადააჭარბა. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ამ გლობალური მიზნის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამის მისაღწევად ქვეყნების ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯი ერთმანეთისკენ და ერთობლივად იმუშაონ, რათა მიაღწიონ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას თავიანთ ტერიტორიაზე.

წყარო: interfax