ბელგიის უსაფრთხოების სამსახურები სტადიონზე დამონტაჟებული მოწყობილობის მეშვეობით ევროპარლამენტის წევრებისა და ჩინური ტექნოლოგიური კორპორაცია Huawei-ს ლობისტების საუბრებს ისმენდნენ, - იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით.

მოსმენები განხორციელდა „ანდერლეხტის“ საფეხბურთო კლუბის სტადიონზე არსებულ საქმიან ჯიხურში, რომელსაც Huawei ევროპარლამენტის წევრებთან კონტაქტებისთვის იყენებდა.

წყაროების ცნობით, ბელგიის უსაფრთხოების სამსახური ისმენდა Huawei-ს ერთ-ერთი წამყვანი ლობისტის საუბარს, მათ შორის მანქანაშიც.

„ჰუავეიმ“ „კონსტან ვანდენ სტოკის“ სტადიონზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ლოტო პარკი“, 2024-25 წლების სეზონისთვის კერძო ლოჟა შეიძინა, - ამის შესახებ „პოლიტიკოს“ „ანდერლეხტის“ საფეხბურთო კლუბის წარმომადგენელმა განუცხადა. ამ პერიოდში კლუბმა უმასპინძლა ისეთ ევროპულ გიგანტებს, როგორებიც არიან „ფენერბაჰჩე“, „პორტო“ და „რეალ სოსიედადი“. გარიგების ღირებულება დაახლოებით 50 ათასი ევრო იყო.

გამოძიებასთან ახლოს მყოფი წყაროების ცნობით, ბელგიის ხელისუფლება იძიებდა, იყო თუ არა სტადიონის ლოჟების დაქირავება Huawei-ს ლობისტური ძალისხმევის ნაწილი, რათა კომპანიის პოზიცია ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში წინ წაეწია.

ბელგიელი პროკურორები ევროპელ კანონმდებლებთან დაკავშირებული პოტენციური ქრთამის საქმეებს იძიებენ. ითვლება, რომ მათ მოგზაურობისა და პოლიტიკური თანამდებობების მოსაპოვებლად ანაზღაურებას უხდიდნენ. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვანი საჩუქრების და ღონისძიებებზე მოსაწვევების მიღება. გამოძიება მოიცავს პერიოდს 2021 წლიდან 2024 წლის ბოლომდე.

საქმე რვა ევროპელი პარლამენტარის მიერ ხელმოწერილ ღია წერილს უკავშირდება. მისი ავტორები Huawei-ს ინტერესებს იცავდნენ: კერძოდ, დოკუმენტში ამტკიცებდნენ, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა არ უნდა უშლიდეს ხელს ევროპაში 5G ქსელებისთვის აღჭურვილობის განვითარებას.

სავარაუდოდ, ახლადარჩეული ევროპარლამენტარები ლობისტმა თანაშემწეების მეშვეობით დაიქირავა. Politico-ს ცნობით, ამ დროისთვის ბრალი რვა ადამიანს წაუყენეს, რომელთაგან არცერთი არ არის ევროპარლამენტის წევრი. ბრალდებულებს ბრალი ედებათ კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში. ბელგიის ხელისუფლება ასევე ცდილობს ზოგიერთი პარლამენტარის იმუნიტეტის მოხსნას, რათა სრული გამოძიებისა და დაკითხვის საშუალება მიეცეს.

2020 წელს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ რეკომენდაცია გასცა, 5G საკომუნიკაციო ქსელების მშენებლობისთვის აღჭურვილობის მიმწოდებლების სიიდან ამოეღოთ ის კომპანიები, რომლებიც, ბრიუსელის თქმით, უსაფრთხოების მაღალ რისკებს წარმოადგენენ. მათ შორის იყო ჩინური Huaweiც. მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, ევროკავშირმა 5G ქსელებისთვის Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენების სრული აკრძალვა განიხილა. შეზღუდვები ჯერ არ არის ძალაში ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე; ქვეყნები გადაწყვეტილებებს ეროვნულ დონეზე იღებენ.