ყაზახეთმა თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტი, იანვართან შედარებით, 38%-ით გაზარდა.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს კომპანია Kaztransoil-ში განუცხადეს.
კერძოდ, თებერვალში ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტი 97,300 ტონამდე გაიზარდა, მაშინ, როცა იანვარში მოცულობა 78,000 ტონას შეადგენდა. მითუმეტეს, თებერვალი იანვარზე მოკლე თვეა.
Kaztransoil-ში მარტის გეგმებს ჯერ არ ასაჯაროვებენ და აცხადებენ, რომ მიწოდება “ენერგეტიკის სამინისტროს გრაფიკის შესაბამისად” განხორციელდება.
Kaztransoil ყაზახეთის უმსხვილესი ნავთობგადამზიდავი კომპანიაა, რომელიც 7600 კილომეტრზე მეტი სიგრძის მაგისტრალური ნავთობსადენებისა და წყალსადენების ქსელს ფლობს. კომპანია შიდა ბაზარსა და ექსპორტზე ქვეყანაში წარმოებული ნავთობის, დაახლოებით, 60%-ის ტრანსპორტირებას ეწევა. ყაზახეთის მთავრობა Kaztransoil-ს სახელმწიფო კომპანია “ყაზმუნაიგაზის” მეშვეობით ფლობს.
ბთჯ-ის მილსადენს ყაზახური ნავთობი, ძირითადად, Tengizchevroil-დან (TCO) მიეწოდებოდა, რასაც კაშაგანის საბადო დაემატა. მხოლოდ ამ საბადოდან სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი” (KazMunaiGas-KMG) წელს ბთჯ-ის მილსადენით 250 000 ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს. კომპანიამ 27 იანვარს აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში კაშაგანის ნავთობის პირველი პარტია ტანკერ Taraz-ით გაგზავნა, რომლის დედვეიტი ანუ სრული ტვირთამწეობა 6 980 ტონას შეადგენს.
ნავთობი აქტაუს პორტიდან კასპიის გავლით ბაქოს პორტში ტრანსპორტირდება, შემდეგ კი ბთჯ-ის მილსადენში გადაიქაჩება.
იანვარში ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დააანონსა, რომ წელს ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირების გეგმა 2024 წლის დონეზე დარჩება, როცა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 1.5 მლნ ტონაზე იყო გათვლილი. თუმცა მთავრობა წლიური ნავთობმიწოდების 2.2 მლნ ტონამდე გაზრდას მოელის.
ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1 768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2.2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.
29 ნოემბერს ნორვეგიულმა კომპანია Equinor-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და ინდურ ONGC Videsh Limited-თან გარიგება დახურა, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG-ის) საბადოების ბლოკის განვითარების პროექტში და ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BTC Co-ში თავისი წილის გაყიდვას ეხება. გარიგების ჯამური ოდენობა 720 მლნ დოლარია.
ახალი გარიგების გათვალისწინებით, ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).