ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა გადაწყვიტეს ოტავის კონვენციიდან გასვლა. როგორც ცნობილია, საერთაშორისო შეთანხმება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას.

მეზობელმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება რუსების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო მიიღეს. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი ფეთქდება ადამიანის მიახლოების ან უშუალოდ შეხების შედეგად. 1997 წლის შეთანხმებას 160-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ პარლამენტში მომავალი კვირის განმავლობაში წარადგენენ  კანონპროექტს, რომლითაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ჩვენ არც პირველი და არც ბოლო ქვეყანა ვიქნებით, რომელიც კონვენციიდან გამოდის. ამიტომ დღეს, ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ინიციატივით, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,  გავიდეს ოტავის კონვენციიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალი კვირის მთავრობის სხდომისთვის მოამზადებს კანონპროექტს”, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ.

„როდესაც მთელი რეგიონი, ყველა თავდაცვის მინისტრი ერთდროულად ავრცელებს ერთიან გზავნილს, იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ჩვენი საზღვრების დაცვის საკითხს”, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალენემ.

ფინეთი შესაძლოა გახდეს შემდეგი ქვეყანა, რომელიც შეთანხმებას დატოვებს. მანამდე მათ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების გამო უკვე განიხილავენ შეთანხმებიდან გასვლას.

წყარო: euronews georgia