ავსტრიელმა ჯეი ჯეიმ „ევროვიზიის“ კონკურსზე გამარჯვება საოპერო პოპ-მუსიკით მოიპოვა.
იოჰანეს პიჩმა, იგივე, ჯეი ჯეიმ, თავისი ფალცეტით და ანგელოზის ღიმილით, 11 წლის წინ წვერიანი დრაგ-შემსრულებლის, კონჩიტა ვურსტის ტრიუმფის შემდეგ, „ევროვიზიის“ კონკურსზე ავსტრიას პირველი გამარჯვება მოუტანა. სიმღერით „Wasted Love“, რომელიც პოპისა და ლირიკული ელემენტების შერწყმით ტექნო ჟღერადობაში გადადის, ალპურმა ქვეყანამ სარისკო არჩევანი გააკეთა, მაგრამ ამან შედეგი მოიტანა. სიმღერამ ბაზელში გამართულ „ევროვიზიის“კონკურსის ფინალში 436 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასული ისრაელის წარმომადგენელი და მესამეზე გასული ესტონელი მომღერალი უკან ჩამოიტოვა . „ეს ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებსაც კი აღემატება! ეს სიგიჟეა!“, - აღნიშნა ჯეი ჯეიმ. მან მაყურებელი არაამქვეყნიური შესრულებით მოხიბლა, რომელიც მონოქრომული ტელევიზიის ეპოქის შავ-თეთრ 4:3 ფორმატში იყო გადაღებული.
24 წლის ავსტრიელ-ფილიპინელი კონტრტენორის თქმით, სურდა, რომ მაყურებელს შეეგრძნო მისი ღრმა სულიერება და გაეგო, თუ რას გრძნობდა, როდესაც მღეროდა. მასი სურვილია, რომ „სიყვარული უკვალოდ არ ქრებოდეს“. „სიყვარული ყველგან უნდა გავავრცელოთ. ის არის ყველაზე ძლიერი ძალა დედამიწაზე“. ჯეი ჯეი დუბაიში გაიზარდა, თუმცა, საკუთარი თავი კლასიკურ მუსიკაში ვენაში იპოვა. „ევროვიზიამდე“ ის სწორედ ავსტრიის დედაქალაქში ხვეწდა თავის ოსტატობას, ნიჭიერთა შოუებში მონაწილეობით და ოპერაში მეორეხარისხოვანი როლების შესრულებით.
აპრილში მან სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ მართალია, ავსტრიის „მკაცრ“ და ცნობილ „კლასიკურ სამყაროს“ ძალიან აფასებს, მაგრამ ასევე სურს ჰქონდეს „შემოქმედებითი თავისუფლება“ და „ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა“.
„რაღაც ახალი“
„ევროვიზიის“ კონკურსზე შესრულებილი მისი სიმღერა გულიდან იყო ნამღერი. „ჩემი სიმღერა ჩემივე პირადი გამოცდილებიდან მოდის და გაფლანგულ, უპასუხოდ დარჩენილ სიყვარულს შეეხება. მე ძალიან ბევრ სიყვარულს გავცემდი, მაგრამ სანაცვლოდ ბევრი არაფერი მიმიღია, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“ „ევროვიზიის“ კონკურსის მიმდინარეობისას, - ჩემი გზავნილია, რომ ვიყოთ ძლიერები და გამოვიდეთ ნებისმიერი სიტუაციიდან, რაც არ უნდა რთული იყოს ის. გვირაბის ბოლოს ყოველთვის არის სინათლე“. ჯეი ჯეის სიმღერა მაღალი სოპრანო ნოტებიდან ლირიზმისა და ბალადის ნაზავში გადადის, სანამ ტექნოთი დასრულდება.
„ჩვენ გვინდოდა, რაღაც ახალი, რაღაც მოულოდნელი შემოგვეტანა“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“ და დასძინა, რომ სიმღერის წარმატებამ გააკვირვა. „არ ველოდი, რომ პოპისა და კლასიკური მუსიკის ნაზავი ასე კარგად იქნებოდა მიღებული, რადგან კლასიკური მუსიკა რაღაც განსხვავებულია და ბევრი ადამიანი არ უსმენს მას“. ვენის ხელოვნებისა და მუსიკის უნივერსიტეტის (MUK) რექტორი, სადაც ჯეი ჯეი სწავლობს, ანდრეას მაილათ-პოკორნი აღნიშნავს, რომ მომღერალმა მიზნად დაისახა, შეექმნა რაღაც ახალი, საოპერო პოპ-მუსიკის ნაზავი, რამაც გაამართლა და მომღერლის განსაკუთრებული მრავალმხრივობა და ინოვაციურიური უნარი წარმოაჩინა. ავსტრიამ „ევროვიზიის“ კონკურსი პირველად 1966 წელს, უდო იურგენსის სიმღერით - „Merci, Cherie“ - მოიგო, რომელიც დაშორების შესახებ ბალადას წარმოადგენს.
ბახი და უიტნი ჰიუსტონი
„როდესაც ჯეი ჯეი მღერის, დრო თითქოს ჩერდება“, - აღნიშნა „ევროვიზიის“ 2014 წლის კონკურსის ავსტრიელმა გამარჯვებულმა, კონჩიტა ვურსტმა, რომელმაც „შთამბეჭდავი პროფესიონალი“ თავის ღირსეულ მემკვიდრედ შეაფასა. მიმდინარე წლის დასაწყისში, ამ ორმა შემსრულებელმა დუეტი ჩაწერა. ჯეი ჯეი ამბობს, რომ კონკურსის წინ ვურსტმა „ბევრი რჩევა“ მისცა. მისი თქმით, კლასიკური მუსიკის სიყვარული მამისგან, საინფორმაციო ტექნოლოგიების ავსტრიელი სპეციალისტისგან გადაეცა, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა ბახისა და მოცარტის მუსიკა, ხოლო დედამისი, ფილიპინელი მზარეული, სელინ დიონს და უიტნი ჰიუსტონს უსმენდა. ჯეი ჯეი სწავლობდა საერთაშორისო სკოლაში დუბაიში, სადაც მამამისმა კომპანია დააარსა. „ევროვიზია 2025“-ის გამარჯვებული საუბრობს გერმანულ, ინგლისურ და ტაგალურ ენებზე, ასევე ისწავლა არაბული და ფრანგული.
ის მიესალმება „ევროვიზიის“ საერთაშორისო პოპულარობას და კონკურსს, როგორც „პლატფორმას ყველასთვის“", მათ შორის - LGBTQ თემისთვის. „მუსიკა არის საერთო ენა, რომელზეც ყველა საუბრობს და რომელიც ყველას ესმის“, - ამბობს იოჰანეს პიჩი.
1tv.ge