ახლად ფორმირებულმა ავსტრიის მთავრობამ ოთხშაბათს, 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო წლებში მიგრანტების მზარდი შემოდინებისგან ქვეყნის დაცვის მიზნით, აპირებს, მიგრანტთა ოჯახის წევრების გაერთიანება შეაჩეროს. ოფიციალური ვენა აცხადებს, რომ ქვეყანამ მიგრანტების „მიღების შესაძლებლობების ზღვარს“ უკვე მიაღწია და ამ უპრეცედენტო ღონისძიების გატარებით, ჯანდაცვის, დასაქმებისა და განათლების სისტემების დაცვა სურს.
ავსტრიის ინტეგრაციის მინისტრმა, კლაუდია პლაკოლმმა, ოთხშაბათს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ შესაბამისი განკარგულება „მაისამდე გამოქვეყნება და რამდენიმე კვირაში ეს გადაწყვეტილება რეალობად იქცევა“. აღნიშნული ზომა, თავდაპირველად, ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა, შესაძლოა, 2027 წლის მაისამდე გაგრძელდეს.
მინისტრის თქმით, რომელიც კონსერვატიული ძალების წარმომადგენელია, ავსტრიამ უკვე მიაღწია „მიგრანტების მიღების შესაძლებლობების ზღვარს“ და ჯანდაცვის, დასაქმებისა და განათლების სისტემები დაცვას საჭიროებს. კლაუდია პლაკოლმი ამბობს, მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც „მკვეთრად გაიზარდა“ მიგრანტთა ოჯახის წევრების შემოდინება, რომლებმაც თავშესაფარი ან დამატებითი დაცვა მიიღეს, რადგან მათი წარმოშობის ქვეყანა უსაფრთხოდ არ ითვლება.
თუმცა, სატატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 9.2-მილიონიან ქვეყანაში 2023 წელს მიგრანტთა 9 300 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო გასულ წელს - 7 800 ოჯახი.
პლაკოლმი ამტკიცებს, რომ „ყოველი ახალი ჩამოსული მიგრანტის შემთხვევაში, მათი წარმატებული ინტეგრაციის ალბათობა მცირდება“, თავად ინტეგრაცია კი არის „ტიტანური“ მისია, რადგან ჩამოსულებს უჭირთ გერმანული ენის შესწავლა, სამსახურის პოვნა და სკოლის მოძიება.
კონსერვატიული კანცლერი კრისტიან შტოკერი, რომელიც მარტის დასაწყისიდან ხელისუფლებაშია სოციალ-დემოკრატებთან და ლიბერალებთან ერთად, ამ ზომას იმით ამართლებს, რომ „ავსტრიის შესაძლებლობები შეზღუდულია და ამიტომ, ნებისმიერი დამატებითი ტვირთის თავიდან აცილებაა საჭირო“.
ეს ზომა ევროკავშირში უპრეცედენტოა და მისი მიღება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებისა და ულტრამემარჯვენე ძალების აღზევების ფონზე ხდება.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში გასულ წელს „ავსტრიის თავისუფლების პარტიამ“ (FPÖ) გაიმარჯვა, და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ წამყვან პოლიტიკურ ძალად რჩება.
წყარო: 1არხი