ავსტრიული ავიაკომპანია Austrian Airlines ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე airBaltic-ის დახმარებით ფრენების რაოდენობას გაზრდის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. პირველი ასეთი ფრენები უკვე მარტში დაიწყება.

airBaltic-მა გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ Lufthansa Group-თან პარტნიორობას სამი წლით ახანგრძლივებს, ავიაკომპანიას wetlease შეთანხმებით (შეთანხმება, რომლის თანახმად, მეიჯარე უზრუნველყოფს არა მხოლოდ თვითმფრინავს, არამედ ეკიპაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას) თვითმფრინავებს იჯარით გადასცემს.

შეთანხმება ითვალისწინებს სამწლიან თანამშრომლობას, რომლის დროსაც airBaltic-ის 21-მდე A220-300 თვითმფრინავი სახელით იოპერირებს.

როგორც ცნობილია Lufthansa Group-ში შედიან: Austrian Airlines, Brussels Airlines, Swiss და Lufthansa.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით,  Austrian Airlines-ი პასუხობს ზაფხულის ფრენებზე მზარდ მოთხოვნას, ხოლო airBaltic თვითმფრინავების იჯარა საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ ვენიდან უფრო მეტი მარშუტი დაფაროს.  Austrian Airlines-ი airBaltic-ის სულ სამი თვითმფრინავის გამოყენებას გეგმავს.

airBaltic თვითმფრინავები გამოყენებული იქნება მარშრუტებზე ვენიდან საერთაშორისო მიმართულებამდე, როგორიცაა ამსტერდამი, სტოკჰოლმი და რომი. განრიგი ასევე მოიცავს პოპულარულ კურორტებს, როგორიცაა ნიცა, სევილია და თესალონიკი და ფრენებს გერმანიაში – ბერლინში, დიუსელდორფში და ფრანკფურტში.

ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე დატვირთული თვე იქნება. A220 შეასრულებს 496 რეისს, რომელიც უზრუნველყოფს 73000-ზე მეტ ადგილს. საერთო ჯამში, airBaltic ზაფხულის პერიოდში Lufthansa ჯგუფისთვის 3321 რეისს შეასრულებს.

Brussels Airlines-მა ასევე გამოაცხადა airBaltic-ის ოთხი თვითმფრინავის გამოყენების შესახებ. ჯერჯერობით მას არ აქვს კონკრეტული გეგმები, რომელ ფრენებზე იქნება გამოყენებული A220. სექტემბერში კომპანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფრენები ჩვეულებრივ შესრულდება მცირე ზომის Airbus A319 თვითმფრინავით.

ავიანიუსი