აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, აშშ-ს ჯერ არ აქვს საბაბი, შეცვალოს საკუთარი ბირთვული პოლიტიკა, რადგან ვერ ხედავს ვერავითარ მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს. სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ მზადაა დაიცვას NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.

„რაც შეეხება თავად ბელარუსს, ეს ლუკაშენკოს უპასუხისმგებლო და პროვოკაციული არჩევანის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტზე კონტროლს ბელორუსი ხალხის ნების წინააღმდეგ თმობს“, – განაცხადა ბლინკენმა.

ცოტა ხნის წინ, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა.