ამერიკის შეეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. რუბიოს განცხადებით, კიევის მიერ გამოთქმული ყველა შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შესწორებებისას განხილული იქნება. მისივე თქმით, საბოლოო ტექსტზე შეთანხმებისთვის უმაღლესი დონის მოლაპარაკებები იქნება საჭირო.

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მიზანს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ განხილვა წარმოადგენს, რომელმაც როგორც უკრაინელი ოფიციალური პირების, ასევე ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება გამოწვია. გეგმა, რომელიც კიევს NATO-ს დონის უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს, ზელენსკის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს – მათ შორის ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე-ფაქტოდ რუსეთად აღიარებასა და ხერსონისა და ზაპოროჟიეს სტატუსის არსებულ კონფლიქტის ხაზზე გაყინვას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელიც ჟენევაში აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, მოლაპარაკებებს „ღირებული“ და „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“ ყველაზე პროდუქტიული უწოდა. რუბიოს განცხადებით, ის საკითხის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.

აშშ-ის მიერ შემუშავებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გასაჯაროების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეიძლება რთული არჩევანის წინაშე დადგეს – დაიცვას სუვერენიტეტი თუ შეინარჩუნოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომელზეც ის ასე ძლიერადაა დამოკიდებული. ზელენსკის თქმით, უკრაინელები „ყოველთვის დაიცავენ“ საკუთარ სამშობლოს.

კვირა საღამოს მოლაპარაკებების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა თეთრმა სახლმა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის დელეგაციამ „დაადასტურა, რომ მათი ყველა ძირითადი შეშფოთება – უსაფრთხოების გარანტიები, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის დაცვა, ნავიგაციის თავისუფლება და პოლიტიკური სუვერენიტეტი – შეხვედრის დროს საფუძვლიანად იქნა განხილული“. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშივე ვკითხულობთ, გეგმაში შეტანილი ცვლილებები „მათ ეროვნულ ინტერესებს“ ასახავს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო მექანიზმებს მოიცავს.

რუბიომ აშშ-ის წინადადებას „ცოცხალი დოკუმენტი“ უწოდა, რითაც გეგმაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას ხაზი გაუსვა. თუმცა, მისივე თქმით, დასრულებული გეგმა მოსკოვსაც უნდა წარედგინოს.

forbes.ge