აშშ-მ ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს, საერთაშორისო წყლებში, მეორე სანქცირებული ტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელიდან გამავალ და შემავალ ყველა სანქცირებულ ნავთობტანკერზე ბლოკადა გამოაცხადა.
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, სუპერტანკერ Centuries-ზე, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 2 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობი იყო. წყაროების მიხედვით, იურიდიულად ხომალდზე არსებული ნავთობი ჩინურ კომპანიას ეკუთვნის.
ტანკერის დაკავება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა X-ზე დაადასტურა, რომ აშშ-ს სანაპირო დაცვამ, ომის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ნავთობტანკერი დააკავა, "რომლის ბოლო გაჩერებაც ვენესუელა იყო".
"აშშ გააგრძელებს სანქცირებული ნავთობის არაკანონიერად გადატანის დევნას, რომელიც რეგიონში ნარკოტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენება. ჩვენ გიპოვით და გაგაჩერებთ." - დაამატა ნოემმა და გემის დაკავების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.
ვენესუელის სანაპიროსთან აშშ-მ თავდაპირველად ნავთობტანკერი, სახელად Skipper, 10 დეკემბერს დააკავა, რის გამოც მადუროს რეჟიმმა აშშ "ცალსახა ქურდობაში" დაადანაშაულა და ტანკერის დაკავებას "საერთაშორისო მეკობრეობის აქტი" უწოდა.
Reuters-ის ცნობით, Skipper-ის დაკავებამ ვენესუელის ნავთობის საერთაშორისო გადაზიდვები საფრთხის ქვეშ დააყენა და რამდენიმე გადამზიდი კომპანია უკვე აიძულა, დაგეგმილი რეისები დროებით შეეჩერებინათ. მათ შორის გაჩერდა აზიისკენ მიმავალი სამი ახლად დატვირთული ტანკერიც.
წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, რომ ტანკერი Skipper-ის დაკავებისა და შემდეგ სხვა ტანკერების შეჩერების შედეგად ვენესუელამ უკვე საექსპორტო ნავთობის 6 მილიონი ბარელის დროულად გაყიდვა ვერ შეძლო.
ამასთან, Skipper-ის დაკავების შემდეგ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელური ნავთობის გადამტანი სხვა ტანკერების დაკავებასაც აპირებდა.
16 დეკემბერს ტრამპმა დაწერა, რომ "ვენესუელიდან გამომავალ და შემავალ ყველა სანქცირებულ ნავთობტანკერზე ტოტალური და სრული ბლოკადის" ბრძანება გასცა, რისი მიზანიც მადუროს რეჟიმისთვის მთავარი შემოსავლის წყაროს გადაჭრაა.
პარალელურად, 11 დეკემბერს აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვები დაუწესდა ნიკოლას მადუროს ცოლის სამ დისშვილს და ასევე მათთან დაკავშირებულ ექვს ნავთობტანკერსა და გადაზიდვის კომპანიებს.
ბოლო თვეებში ტრამპმა მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ წნეხი გაზარდა და, გავრცელებული ინფორმაციით, მას გადადგომისკენაც მოუწოდა. ამავდროულად, აშშ-ს კარიბის ზღვაში უჩვეულოდ დიდი რაოდენობის სამხედრო-საზღვაო ძალები ჰყავს მობილიზებული და ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პენტაგონმა ნარკოტრეფიკინგში ჩართულ ნავებზე საჰაერო იერიშების მიტანაც დაიწყო.
მადუროზე წნეხის გაძლიერების ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის მთავრობა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციადაც გამოაცხადა და რეჟიმი ნარკოტრეფიკინგში ჩართულობაში დაადანაშაულა.