კიბერუსაფრთხოების ახალი ამბების გამოცემა The Record ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ გასული წლის ივნისში ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით წამოწყებული კოორდინირებული ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ს არმიამ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა ციფრულად შეაფერხა.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ირანის ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებულ ცალკეულ სამხედრო სისტემაზე იერიშის მიტანის შედეგად ირანმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ მიწა-ჰაერის რაკეტების გაშვება ვერ შეძლო.

"სამხედრო სისტემები ხშირად კომპონენტების რთულ სერიას ემყარება, რომელთაგანაც ყოველივე სწორად მუშაობს. მოწყვლადობა ან სისუსტე ნებისმიერ წერტილში შესაძლოა, მთლიანი სისტემის შესაფერხებლად იყოს გამოყენებული." - განუცხადა The Record-ს საკითხზე ინფორმირებულმა ერთ-ერთმა პირმა ანონიმურად.

გამოცემის ცნობით, ე.წ. "სამიზნე წერტილზე" დარტყმით, ამერიკელმა ოპერატორებმა, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსგან მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის ხელშეწყობით, გვერდი აუარეს უფრო რთულ ამოცანას, რაც ირანის ერთ, ან ყველა, გამაგრებულ ბირთვულ ობიექტებზე მდებარე სამხედრო სისტემაში შეღწევა იქნებოდა.

Record-ის მიხედვით, ივნისში ჩატარებული ოპერაცია "შუაღამის უროს" დროს გამოყენებული ციფრული ელემენტი, რომლის შესახებაც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ირანის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქმედება იყო აშშ-ს კიბერ სარდლობის მხრიდან.

ივნისის ოპერაციის შემდეგ პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა საჯაროდ შეაქო კიბერ სარდლობის როლი და აღნიშნა, რომ სარდლობამ ხელი შეუწყო "მოიერიშე პაკეტს," რომელმაც სამივე ირანული ბირთვული ობიექტი ნახევარ-საათიან ინტერვალში დაბომბა.

ამასთანავე, აშშ-ს კიბერ სარდლობა ანალოგიურად შეაქეს გასულ თვეშიც, მას შემდეგ, რაც სარდლობამ კიბერ ოპერაციები მოაწყო, რამაც, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ვენესუელის დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის რადარების შეფერხება გამოიწვია. ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციის ფარგლებში ასევე კიბეროპერაციების შედეგად შეფერხდა ხელის რადიოების მუშაობაც.

მადუროს დაკავების შემდეგ მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე კეინმა განაცხადა, რომ კარაკასთან ვერტმფრენებით ამერიკელი კომანდოსების მიახლოების პარალელურად, კიბერ სარდლობამ ვენესუელის წინააღმდეგ "სხვადასხვა ეფექტების ფენები" გამოიყენა, რამაც აშშ-ს სამხედროებს "გზა გაუკვალა".

გამოცემა The Record ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა სახის მოწყობილობებს იყენებს აშშ-ს კიბერ სარდლობა, ხოლო წყაროების თხოვნით, გამოცემამ კიბერთავდასხმების შესახებ გარკვეული დეტალები არ გააშუქა. 

tabula.ge