აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში დამატებით აგზავნის საზღვაო ქვეითებს და რამდენიმე სამხედრო ხომალდს. ინფორმაციას „უოლ სთრით ჯოურნალი“ სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა დაამტკიცა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მოთხოვნა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზეა პასუხისმგებელი.
სარდლობამ მოითხოვა სწრაფი რეაგირების სადესანტო ჯგუფის გაგზავნა, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე ხომალდისა და დაახლოებით ხუთი ათასი საზღვაო ქვეითისგან შედგება.
გამოცემის ორი წყარო ამბობს, რომ იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება სადესანტო ხომალდი „ტრიპოლი“, რომლის ბორტზეც საზღვაო ქვეითები იმყოფებიან.
როგორც „უოლ სთრით ჯოურნალი“ აღნიშნავს, რეგიონში ამერიკელი საზღვაო ქვეითები უკვე არიან დისლოცირებულები და დამატებითი ძალები აშშ-ის ომის დეპარტამენტის მოთხოვნით იგზავნება.
„უოლ სთრუთ ჯოურნალი“ წერს, რომ აშშ-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ირანის თავდასხმებმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება პარალიზება, მსოფლიო ეკონომიკაში ქაოსი და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია.
თავის მხრივ, „ესოშიეთიდ პრესის“ წყაროს ინფორმაციით, აშშ ახლო აღმოსავლეთში აგზავნის, სულ მცირე, ერთ სამხედრო ხომალდ „ტრიპოლის“ და 2 500 საზღვაო ქვეითს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ძალების მნიშვნელოვანი გადაადგილებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აშშ სახმელეთო სამხედრო ოპერაციას გეგმავს.
პენტაგონის წარმომადგენელმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.