აშშ-ის ტარიფების მასშტაბი უპრეცედენტოა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, კეთილსინდისიერად ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა სცენარისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
ევროპარლამენტის სხდომაზე განიხილებოდა ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მას მიმდინარე კვირის დასაწყისში ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა და ევროკავშირი ტარიფების საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას ამჯობინებს.
„თებერვლის შემდეგ აშშ-მა დააწესა ევროკავშირთან ვაჭრობაზე 70%-იანი ტარიფები. ამ ზომების მასშტაბი და ფარგლები უპრეცედენტოა. ჩვენი პოზიცია მკაფიოა. ჩვენ ვიქნებით მტკიცე, თუმცა მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას ვამჯობინებთ. სწორედ ამიტომ ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან შეთანხმების მისაღწევად. მიმდინარე კვირის დასაწყისში პრეზიდენტ ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, რათა საკითხები წინ წაგვეწია. ჩვენ ვეძებთ მკაფიო ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მუშაობის გაგრძელება. ასე რომ, ჩვენი გზავნილი ნათელია. ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგულები ვართ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს. ჩვენ კეთილსინდისიერად ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა სცენარისთვის ვემზადებით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, ტარიფები არის ცუდი ბიზნესისთვის, ამიტომ ევროკომისია დღედაღამ მუშაობს გამოსავლის მოსაძებნად. ურსულა ფონ დერ ლაინმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გახადოს საკუთარი ეკონომიკა და ინდუსტრიული ბაზა უფრო ძლიერი და მდგრადი შოკების წინაშე.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიის ახალი მანდატის დაწყებიდან უკვე გაფორმდა ახალი სავაჭრო შეთანხმებები Mercosur-ის ქვეყნებთან, მექსიკასთან, შვეიცარიასთან და იგეგმება სხვა შეთანხმებების გაფორმება.
„მსოფლიო რადგან ეძებს პარტნიორებს, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნო, ევროპა არის ასეთი პარტნიორი. ჩვენთვის ეს არის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ნაწილი, რადგან ამან შეიძლება გახსნას ახალი შესაძლებლობები და ბაზრები ევროპული კომპანიებისთვის. ასე რომ, დიახ, ეს არის სარისკო მომენტი ევროპისთვის, თუმცა შესაძლებლობებიც არის და ჩვენზეა დამოკიდებული მათი გამოყენება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.