აშშ-ის სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის ან იმპორტის ხელშეწყობისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორებმა, კრის კუნსმა, დეივ მაკკორმიკმა და დემოკრატმა სენატორებმა ელიზაბეტ უორენმა და ჯონ ჰასტედმა წარადგინეს კანონი „რუსეთის ნავთობის მოგების შემცირების შესახებ“, რომელიც მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას ნებისმიერი პირის მიმართ, ნებისმიერ ადგილას, ვინც რუსული ნავთობით ვაჭრობით არის დაკავებული.

„პუტინი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც ჩვენ შევაჩერებთ მას. ის რუსული ნავთობიდან მიღებულ მოგებას იყენებს უკრაინის წინააღმდეგ საშინელი ომის დასაფინანსებლად. ომის დროს რუსეთი აწამებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, იტაცებს ბავშვებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. მამაცი უკრაინული ძალები იცავენ თავისუფლებას მთელ მსოფლიოში. ამ ომის სამუდამოდ დასასრულებლად საჭიროა უკრაინის მიმართ ვალდებულებების აღება და ზეწოლა რუსეთზე.

„რუსული ნავთობის შესყიდვა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას გულისხმობს და ნებისმიერმა ქვეყანამ, კომპანიამ ან ფინანსურმა შუამავალმა, რომელიც ხელს უწყობს ასეთ ვაჭრობას, უნდა გაიაზროს შედეგები, მათ შორის აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაკარგვის რისკი“, – განაცხადა კუნმა.

აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი ქმნის სამართლებრივ საფუძველს რუსეთის ნავთობის შემოსავლებზე სანქციებით ზეწოლის გასაზრდელად.

როგორც სტეფანიშინა წერს, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, აშშ-ის პრეზიდენტი~ დონალდ ტრამპი ვალდებული იქნება 90 დღის ვადაში დააწესოს სანქციები რუსული ნავთობის იმპორტში ჩართულ პირებზე. სიას შეადგენს ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო მდივანთან კონსულტაციის შემდეგ.

„ეს საკანონმდებლო ინიციატივა კიდევ ერთხელ აჩვენებს ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას აგრესორზე შემდგომი ეკონომიკური ზეწოლის მიმართ“, – წერს სტეფანიშინა.

პირველი არხი