აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის 50%-ით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია სამსახურებრივ მემორანდუმში, რომელიც გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ „ნიუ იორკ თაიმსმა“ მოიპოვა.

როგორც მედია წერს, გეგმის თანახმად, ყველაზე დიდი შემცირება შეეხება გაერო-სა და ნატოს დაფინანსებას. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-მა შესაძლოა, შეწყვიტოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერა, ასევე უარი თქვას კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებზე, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებდა.

ასევე დაგეგმილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის და იმ პროგრამებისთვის გამოყოფილი დაფინანსების განახევრება, რომლებიც დაკავშირებულია ჯანდაცვასთან, მათ შორის დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის მედიკამენტებისა და ვაქცინების შესყიდვასთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი წელს, საერთო ჯამში, შესაძლოა, 54 მილიარდიდან 28 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს.

როგორც გაზეთის წყაროები ამტკიცებენ, ეს გეგმა შემუშავებულია თეთრი სახლის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც ასევე გადაეგზავნა ყველა დეპარტამენტს და სახელმწიფო უწყებას.

უახლოეს ხანში ტრამპის ადმინისტრაცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს კონგრესს წარუდგენს, სადაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება იქნება გათვალისწინებული. ამ პროექტს შემდეგ კონგრესი უნდა დაეთანხმოს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„რისთვის ვაპირებთ ნატო-ს დაფინანსების შემცირებას იმ დროს, როდესაც ევროპაში ომია და კონტინენტზე უსაფრთხოებას სულ უფრო მზარდი საფრთხე ემუქრება?“ – განაცხადა სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის დემოკრატმა ხელმძღვანელმა ჯინ შაჰინმა.

ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, მოითხოვოს 4 მილიარდი დოლარის გამოყოფა სპეციალური ქვედანაყოფის შესაქმნელად, რომელსაც გადაუდებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა დაევალება.

1tv.ge