აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომში ჩინეთი იმარჯვებს, რადგან ჩინეთი დიდად არ არის დამოკიდებული აშშ-ის ბაზარზე, ეს არის ჩინეთის ექსპორტის 12 პროცენტი, ეს უაზრო პოლიტიკაა, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
ჯეფრი საქსის თქმით, აშშ-ში ერთპროცენტიანი მმართველობაა.
„ჩვენი პოლიტიკური სისტემა ჩამოშლის მდგომარეობაშია. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს, არის საგანგებო განკარგულება, რადგან ის მეფეა. ეს ძალაუფლება არ არის მიცემული აშშ-ის პრეზიდენტისთვის, ეს ეკუთვნის კონგრესს. ყველა კანონმდებლობა უნდა დაიწყოს კონგრესის ქვედა პალატაში“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
ამერიკელმა პროფესორმა ჩინეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური წარმატების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმტების საფუძველი წინასწარ დაგეგმვაშია, რაც აშშ-ში არ ხდება.
„ქვეყანა, რომელიც მუშაობს მთელ მსოფლიოზე და წინასწარ ფიქრობს, არის ჩინეთი. ჩინეთის წარმატება არ არის შემთხვევითი, ეს ეფუძნება შორსმჭვრეტელ დაგეგმვას. 2014 წელს ჩინეთმა გამოსცა დოკუმენტი სახელწოდებით „დამზადებულია ჩინეთში 2025“. ეს არ ყოფილა პროტექციონისტული პოლიტიკა, ეს იყო ტექნოლოგიებში ინვესტირების საჭიროება. რვა-ათ სფეროში, რომლის იდენტიფიცირებაც მოახდინეს, ჩინეთმა წარმატებას მიაღწია. 2017 წელს ჩინეთმა მიიღო გეგმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ. „დიფ სიქი“ არ გაჩენილა არაფრიდან, ის გამოვიდა გრძელვადიანი სტრატეგიიდან. ის, რაც უნდა გააკეთოს ყველა მთავრობამ და ქვეყანამ, არის შორს ხედვა. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არ ესმის ან არ ადარდებს მომავალი იმავე გაგებით“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
ამერიკელმა პროფესორმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლოდროინდელი გამონათქვამის გამო.
„პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ 60 ქვეყანა უკანალზე კოცნის. მან ეს თქვა საჯარო გამოსვლაში, აშშ-ის პრეზიდენტმა. ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, მაგრამ ეს საპრეზიდენტო ენაა, მე მხოლოდ მაღალი პოლიტიკური ტერმინებით ვსაუბრობ. ამის ნორმალიზება არ შეიძლება. უნდა ვთქვათ: არა. დევიდ რიკარდომ 200 წლის წინ წარადგინა შედარებითი უპირატესობის თეორია, ჩვენ ვაშენებდით სავაჭრო სისტემებს მეორე მსოფლიო ომის ნანგრევების შემდეგ. ჩვენ ვაშენებდით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და აშშ ლიდერობდა მის შექმნაში. აშშ ახლა არის სახიფათო ქვეყანა ბევრი მიმართულებით, არა მხოლოდ ვაჭრობაში ან ღაზის აშშ-ის რივიერად გადაქცევის სურვილის გამო, არამედ ნებისმიერი რამისთვის, რისი თქმაც სურს. დანარჩენმა მსოფლიომ უნდა თქვას, რომ აპირებს, იყოს პასუხისმგებლიანი, ჩვენ წავალთ გაერო-ში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. თუ ჩვენ მოვახდენთ სიგიჟის ნორმალიზებას, აქედან არ არსებობს გამოსავალი“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.
ამერიკელმა პროფესორმა აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად სამხედრო ხარჯების შემცირების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ არ გვჭირდება გამალებული შეირაღება და ომი. დიპლომატია ფაქტობრივად უფრო იაფია, ვიდრე ომი. სწორედ ამიტომ ვართ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე და არა ანტალიის სამხედრო ფორუმზე. ტრამპს თუ სურს რეალურად დაზოგოს ფული, ჩვენ გვაქვს თითქმის 800 სამხედრო ბაზა საზღვრებს გარეთ 80 ქვეყანაში. ეს სიგიჟეა. ასე რომ, თუ გსურს ფულის დაზოგვა და საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა, მე დავხურავდი ასობით სამხედრო ბაზას და ყველა ამ ქვეყანას მშვიდობაში დავტოვებდი, რადგან სადაც ამერიკული ბაზაა, იქ დიდი თავის ტკივილია“, – აღნიშნა ამერიკელმა პროფესორმა.
წყარო: 1 არხი