ინდოეთმა ქვეყნის რვა აეროპორტში ფრენები გააუქმა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, ავიაკომპანია Air India-მ გააუქმა ყველა ფრენა ინდოეთის მიმართულებით, ადგილობრივი დროით, 7 მაისის 12:00 საათამდე.
ინდურმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, SpiceJet-მა განაცხადა, რომ დახურულია აეროპორტები, მათ შორის დჰარამშალა, ლეჰი, ჯამუ, სრინაგარი და ამრიტსარი.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ფრენები შეჩერებულია პაკისტანშიც.
ავიაკომპანია Air France-მა განაცხადა, რომ შეაჩერა ფრენები პაკისტანის ტერიტორიაზე და „ცვლის ფრენების განრიგსა და მარშრუტებს გარკვეულ დანიშნულების ადგილებამდე“.
გერმანულმა ავიაკომპანიამ Lufthansa-მ ასევე განაცხადა, რომ „შემდგომ შეტყობინებამდე თავს არიდებს პაკისტანის საჰაერო სივრცეს“.
ცნობისთვის, ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, რვა ადამიანია დაღუპული. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პუნჯაბის პროვინციაში. ამასთან, როგორც ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, მათი სამიზნე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა, ოპერაცია მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და იმართებოდა.
1tv.ge