თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ შეთანხმება, რომელიც “ძალიან დიდი” იქნება, მოიცავს აზიურ მოკავშირესთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

როგორც ჩანს, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ტრამპმა ვაჭრობის დეტალების შეთანხმება ინდოეთთანაც გადაწყვიტა.

“ყველასთან ხელშეკრულებას ვერ დავდებთ, თუმცა ინდოეთთან, ალბათ, შევთანხმდებით”, - განაცხადა ტრამპმა.

შტატების ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროცესი და განაცხადა, რომ ხელმოწერის გაფორმებამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი.

ინდოეთის ვაჭრობის მინისტრმა, პიუუშ გოიალმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოები ისეთ სავაჭრო ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რომელიც სამართლიანი, დაბალანსებული და თანაბრად სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის.

დოკუმენტზე ბევრი არაფერია ცნობილი, ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის გაციფრულებას, ასევე სოფლის მეურნეობის, სამედიცინო და თავდაცვის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. სავარაუდოდ, სავაჭრო შეთანხმება მოიცავს შტატებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ, ხორბლის, სიმინდისა და რძის პროდუქტების ინდოეთში შეტანის უფლებას. ამ ნაბიჯის გადადგმისგან ქვეყანა თავს ყოველთვის იკავებდა, რადგან პრიორიტეტი ადგილობრივი ფერმერების დაცვა იყო.

როგორც შტატებმა, ისე ინდოეთმა გამოთქვეს სტრატეგიული მზადყოფნა, რომ გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გააძლიერებს ქვეყნებს შორის პარტნიორობას და, მეორე მხრივ, დაეხმარება მათ, მოახდინონ სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირება. 

როგორც შტატებში, ისე ინდოეთში იმედოვნებენ, რომ შეიქმნება ძლიერი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც როგორც ბიზნესსექტორს, ისე მომხმარებლებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.