Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა დააფინანსა მოლდოველი მართლმადიდებელი მღვდლების მომლოცველობა. მოსკოვში ჩასულ სასულიერო პირებს წინასწარ შევსებული საბანკო ბარათები და თანხის ვაუჩერები გადაეცათ. სანაცვლოდ, მოლდოვაში დაბრუნებულ სასულიერო პირებს დაევალათ ტელეგრამ-არხების შექმნა, რათა გავლენა მოეხდინათ მრევლზე საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროინტეგრაციის რეფერენდუმის წინ (2024 წლის ნოემბერი).

Reuters-ის ჟურნალისტებმა 15 მღვდელთან საუბრისა და ვიზიტების მასალების ანალიზის შემდეგ დაადგინეს, რომ 2024 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე რუსეთში ასობით მოლდოველი (მთავრად სასულიერო პირი) იმყოფებოდა. ყველა მგზავრობა სრულად დაფინანსდა რუსეთის მიერ. მაგალითად, არქიდიაკონ მიჰაი ბიკუმ თქვა, რომ მას მოსკოვში გადასცეს 10 000 რუბლის ვაუჩერი და საბანკო ბარათი, რომელზეც 1200 დოლარი ჩაირიცხა - პირობითად იმისთვის, რომ მოლდოვაში დაბრუნებულს სოციალურ მედიაში ანტიდასავლური შინაარსის გვერდები შეექმნა. თუმცა ბიკუმ რუსული გეგმა არ განახორციელა და 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საპატრიარქოს შეუერთდა.

ბოლო ერთ წელიწადში მოლდოვურ სამრევლოებს დაახლოებით 90 ახალი ტელეგრამ-არხი შეემატა, სადაც ყოველდღიურად ვრცელდება მოწოდებები მთავრობის პროდასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ. შინაარსი პირდაპირ პრორუსული არ არის, მაგრამ ემთხვევა მოსკოვთან დაახლოების მომხრე პარტიების პოზიციას.

მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველი სტანისლავ სეკრიერუ ამას რუსეთის ჩარევის „ყველაზე ამორალურ ფორმას“ უწოდებს: „მოსკოვი ცდილობს სასულიერო პირების გადაბირებას, რათა ეკლესია იარაღად აქციოს და უნდობლობა დათესოს“. სააგენტოს ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები კვლავ აგრძელებენ მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებს.

tvpirveli.ge