ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიქნებით ყველა ერის შურის ობიექტი და აღარ დავუშვებთ, რომ ვინმემ ბოროტად გამოგვიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება ამაყი, წარმატებული და თავისუფალი ერის შექმნა.
„ტრამპის ადმინისტრაციის ყოველ დღეს ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე. ჩვენი სუვერენიტეტი დაბრუნდება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება და სამართლიანობის სასწორი დაბალანსდება. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი მთავრობის სასტიკი, ძალადობრივი და უსამართლო გამოყენება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამაყი, წარმატებული და თავისუფალი ერის შექმნა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
„პრეზიდენტად დავბრუნდი დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ვდგავართ ეროვნული წარმატების ახალი ეპოქის დასაწყისში. ცვლილებების ტალღა მოიცავს ქვეყანას, მზის შუქი ეფინება მთელ მსოფლიოს და ამერიკას აქვს შანსი, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, როგორც არასდროს, მაგრამ ჯერ უნდა ვიყოთ გულწრფელნი იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც გვაქვს. მართალია, ისინი მრავლადაა, მაგრამ ეს გამოწვევები აღმოიფხვრება იმ იმპულსის წყალობით, რომლის მოწმეც არის მსოფლიო ახლა შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge