სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს 1990-იან წლებში სარაევოში „სნაიპერულ ტურიზმში“ მონაწილეობაში სდებენ ბრალს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ხორვატმა ჟურნალისტმა, დომაგოი მარგეტიჩმა იტალიის პროკურატურას მიმართა და სერბეთის პრეზიდენტი 1990-იან წლებში სარაევოში ე.წ. სნაიპერულ ტურიზმში მონაწილეობაში დასდო ბრალი.
ბრალდება უკავშირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საომარი მოქმედების ზონაში ჩაყვანას, სადაც ისინი სოლიდური თანხის სანაცვლოდ სარაევოს მთებიდან ესროდნენ ქალაქის მშვიდობიან მოქალაქეებს. სხვადასხვა მონაცემით, სარაევოს ბლოკადის განმავლობაში ქალაქში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ხორვატი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი იმ დროს „სნაიპერულ ტურიზმში“ მონაწილეობდა. ამის მტკიცებულებად მას მოჰყავს 1990-იან წლებში გადაღებული ვიდეო და ბოსნიელი ოფიციალური პირების ჩვენებები, რომლის მიხედვითაც, ვუჩიჩი „ომში მოხალისედ“ იმყოფებოდა და ბოსნიელ სერბ სამხედროებთან ერთად სარაევოს სიახლოვეს მთებში სნაიპერის ერთ-ერთი პოზიცია ეკავა.
თავად ვუჩიჩი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ არასდროს არავინ მოუკლავს და სნაიპერის შაშხანა ხელში არასდროს დაუჭერია.
მისივე განმარტებით, ვიდეოში, სადაც თითქოს ჩანს, რომ იარაღი უჭირავს, სინამდვილეში ვიდეოკამერის შტატივი დააქვს.
მანამდე, სერბეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ვუჩიჩი ჟურნალისტად და თარჯიმნად მუშაობდა და არავითარი კავშირი არ ჰქონია სამხედრო სტრუქტურებთან.
ცნობისთვის, მანამდე მილანის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო იმ იტალიელების საქმეზე, რომლებიც ბრალდებების მიხედვით, ფულს უხდიდნენ ბოსნიელი სერბების არმიის ჯარისკაცებს, რათა 1990-იანებში სარაევოში ხალხი დაეხოცათ.
გამოძიების მიხედვით, ამ პერიოდში იტალიელები და სხვა ეროვნების ადამიანები ე.წ. სნაიპერულ ტურიზმში იყვნენ ჩართული და ფულს უხდიდნენ ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის არმიის ჯარისკაცებს, რათა ისინი სარაევოს გარშემო მდებარე მთებში აეყვანათ, საიდანაც ქალაქის მოსახლეობას ესროდნენ.