ამერიკულმა მარსმავალმა Curiosity-მ მარსის კლდეში ორგანული მოლეკულების კომპლექსი აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი აზოტს შეიცავს. ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტის ქიმიური გარემო შესაძლოა შორეულ წარსულში სიცოცხლის გაჩენისთვის შესაფერისი ყოფილიყო, იუწყება NASA.
Curiosity-მ ნიმუშები 2020 წელს შეაგროვა, მაგრამ კვლევა მხოლოდ ახლა დასრულდა. ერთ-ერთი ნიმუშის ანალიზმა 21 ნახშირბადის შემცველი ნაერთი გამოავლინა. ამ ნაერთებიდან შვიდი პირველად მარსზე აღმოაჩინეს. მათ შორისაა აზოტის ჰეტეროციკლი. ამ ტიპის მოლეკულებს მეცნიერება რნმ-ისა და დნმ-ის, გენეტიკური ინფორმაციის ძირითადი მატარებლების, შესაძლო წინამორბედებად მიიჩნევს.
კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა იყო ბენზოთიოფენის, ნახშირბადისა და გოგირდის შემცველი მოლეკულა. ის ბევრ მეტეორიტშია ნაპოვნი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ამ მეტეორიტებმა, ისევე როგორც მათში შემავალმა ორგანულმა მოლეკულებმა, ხელი შეუწყო პრებიოტიკური ქიმიის გაჩენას ადრეულ მზის სისტემაში.
„მკვლევრებს არ აქვთ საშუალება დაადგინონ, ეს ორგანული მოლეკულები ბიოლოგიურია თუ გეოლოგიური წარმოშობისაა. ორივე სცენარი შესაძლებელია. თუმცა, მათი აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უძველეს მარსს სიცოცხლისთვის შესაფერისი ქიმიური შემადგენლობა ჰქონდა“, - აღნიშნა NASA-მ განცხადებაში.