რიგის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო საწვავის მიწოდება სტაბილურია, თუმცა გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული ფასების ზრდა გავლენას ახდენს ავიაკომპანიების ოპერაციულ საქმიანობაზე. ლატვიის ეროვნულმა ავიაკომპანია airBaltic-მა, საწვავის მკვეთრი გაძვირების გამო, მიმდინარე ზაფხულის სეზონის ფრენების საერთო პროგრამიდან რეისების დაახლოებით 2% უკვე დააკორექტირა. ცვლილებები შეეხო ცალკეულ მიმართულებებს მთელი სამარშრუტო ქსელის მასშტაბით, მათ შორის რიგა-კაუნასის რეისს, რის შესახებაც მგზავრებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდათ.

კომპანიის ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად, ლატვიის სეიმმა ავიაკომპანიისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის მოკლევადიანი სახელმწიფო სესხის გამოყოფას დაუჭირა მხარი. აღნიშნული ფინანსური რესურსი კომპანიას საწვავის ხარჯების ზრდით გამოწვეული წნეხის შემსუბუქებასა და ფრენების სტაბილური ქსელის შენარჩუნებაში დაეხმარება. ცნობილია, რომ airBaltic-ს წლის ბოლომდე დაახლოებით 165,000 ტონა საწვავი დასჭირდება, რომლის ნაწილიც წინასწარ, ფიქსირებულ ფასად (567 ევრო ტონაზე) უკვე დაჰეჯირებულია.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, airBaltic-ის ზარალი გასულ წელს მნიშვნელოვნად, თითქმის სამჯერ შემცირდა და 44.3 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მგზავრთნაკადი 5.2 მილიონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებებია – გერმანული გიგანტი Lufthansa ამჟამად აქციების 10%-ს ფლობს. არსებული გამოწვევების გამო, ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა აქციების საჯარო განთავსების (IPO) პროცესი და ვარაუდობს, რომ 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის შესაძლოა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა გახდეს საჭირო.

წყარო: avianews.ge