ლატვიის ეროვნულმა ავიაკომპანია airBaltic-მა 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზარალი მკვეთრად შემცირდა და 1.7 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის 88.8 მილიონ ევროიან ზარალთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.

ამავე პერიოდში, airBaltic-ის ბრუნვა 3%-ით გაიზარდა და 349.6 მილიონ ევროს მიაღწია.

კომპანიის ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრების რაოდენობა 8.7%-ით გაიზარდა და 3.9 მილიონი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიონი მგზავრი ავიაკომპანიის ძირითადი მარშრუტების ქსელით გადაიყვანეს, ხოლო 1.5 მილიონი — თვითმფრინავის სრული იჯარით (ACMI) მომსახურებით.

შესრულებული რეისების საერთო რაოდენობა 6.6%-ით გაიზარდა და 36,400 შეადგინა, მათ შორის 13,500 ACMI რეისი იყო, რაც 12.4%-იან ზრდას ნიშნავს.

airBaltic-ის საშუალო სავარძლების დატვირთვის კოეფიციენტი 78.2% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, კომპანიის კორექტირებული მოგება პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გადახდამდე (EBITDA) შემცირდა და 48.1 მილიონი ევრო იყო, 2024 წლის 58.6 მილიონ ევროსთან შედარებით.

წყარო: avianews.ge