ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, სულ მცირე, 100 დაღუპულის შესახებ.

ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.

ავიალაინერი ლონდონის გეთვიკის აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს. შენობა, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, მედიკოსთა ჰოსტელია. მსხვერპლთა შორის არიან ჰოსტელში მყოფი სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თვითმფრინავის მგზავრებს შორის 217 ზრდასრული და 13 ბავშვია, მათ შორის ორი ჩვილი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ინდოეთის 169 და ბრიტანეთის 53 მოქალაქე. ასევე, მგზავრებს შორის ერთი კანადელი და შვიდი პორტუგალიელია.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Boeing 787-8 Dreamliner-ია.

ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ინდოეთის ხელისუფლებასთან ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული ფაქტების დასადგენად და დაზარალებულთა დასახმარებლად.

1tv.ge