იუტას შტატში დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია პაციენტისთვის მიმართვის პირველივე ეტაპზე შეარჩიოს მკურნალობა და გამოწეროს პრეპარატი ექიმთან პირისპირ ვიზიტის გარეშე. ინფორმაციას თურქული სამედიცინო გამოცემა medimagazin.com ავრცელებს.

მისი მონაცემებით, პროგრამა შეიმუშავა ჯანდაცვის ტექნოლოგიურმა კომპანიამ Nolla Health და ის 2026 წლის 5 ოქტომბერს ამოქმედდა. თავდაპირველად სისტემა მხოლოდ აკნეს მკურნალობაზეა ორიენტირებული და ხელმისაწვდომია იუტას 18 წლისა და უფროსი ასაკის მცხოვრებლებისთვის.

სერვისით სარგებლობისთვის პაციენტმა უნდა ჩამოტვირთოს Nolla Derm აპლიკაცია, დაადასტუროს თავისი ვინაობა, შეავსოს მოკლე სამედიცინო კითხვარი და ხუთი სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი სახის ფოტოები ატვირთოს.

ამის შემდეგ AI აანალიზებს ამ ინფორმაციას და დაახლოებით 10–15 წუთში ქმნის მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას. თუ პაციენტი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, სისტემას შეუძლია წამლის რეცეპტის გაცემა; მედიკამენტის აღება შესაძლებელია აფთიაქში ან სახლში მიწოდებით.

კომპანია აცხადებს, რომ სისტემას შეუძლია არჩევანის გაკეთება აკნეს მხოლოდ იმ შეზღუდული სამკურნალო მეთოდებიდან, რომლებიც ექიმების მიერ წინასწარაა დამტკიცებული. უფრო რთული შემთხვევები ექიმთან იგზავნება.

ეს სიახლე ჯანდაცვაში AI-ის გამოყენების გავრცელებული ფორმებისგან განსხვავდება.აქ AI ექიმს კი არ ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ  თავად ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი.

თუმცა სპეციალისტებს ამ პროგრამის მიმართ კითხვები აქვთ - მაგალითად, პაციენტის უსაფრთხოებაზე და იმაზე, ვინ აგებს პასუხს, თუ AI-ის გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდა.

ეს იუტაში AI-ს მიერ რეცეპტების გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის.

წლის დასაწყისში შტატმა დაუშვა AI სისტემის გამოყენება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების უკვე არსებული რეცეპტების გასაახლებლად. ამ პროგრამას ექიმთა ნაწილისა და სამედიცინო მარეგულირებლების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა.

ექიმების არგუმენტია, რომ რეცეპტის გაცემა მხოლოდ სიმპტომების ავტომატურ შეფასებას არ გულისხმობს — საჭიროა გვერდითი ეფექტების, სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების, პაციენტის საერთო მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებაც.

ამასთან, პირველი 100 პაციენტის შემთხვევაში AI-ის მიერ მომზადებულ თითოეულ რეცეპტს პაციენტამდე მისვლამდე ორი ლიცენზირებული ექიმი დამოუკიდებლად ამოწმებს და ამტკიცებს.

მომავალში ამ ადამიანური კონტროლის შემცირება იგეგმება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ AI-ის გადაწყვეტილებები ექიმების შეფასებებს მინიმუმ 95%-ით დაემთხვევა და სერიოზული არასასურველი შემთხვევები არ დაფიქსირდება.

სისტემის შემქმნელი კომპანიის პოზიციით, აკნე შეირჩა იმის გამო, რომ ის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, მისი მკურნალობის მრავალი სტანდარტიზებული სქემა არსებობს და შედარებით დაბალი რისკის მდგომარეობად მიიჩნევა. ამასთან, დერმატოლოგთან მისასვლელად პაციენტებს ზოგჯერ დიდი ხნის, ზოგჯერ ორთვიანი ლოდინი უწევთ.

წყარო: jandacva.ge