ახალ კვლევაში გამოავლინეს მსოფლიოში უძველესი კამათელი, რომელიც 12 000 წლის წინანდელია. ამ კამათლებს ადგილობრივი ამერიკელი მონადირე-შემგროვებლები იყენებდნენ ბოლო გამყინვარების მიწურულს; შედეგად, ისინი ათასობით წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე ცნობილი ის არტეფაქტები, რომლებიც შეიძლება კამათლად ჩავთვალოთ.

ისინი სულაც არ ჰგავს წერტილებით მორთულ კლასიკურ კუბებს — წარმოადგენს ორგვერდიან ობიექტებს, რომელთა თითოეულ მხარეს სხვადასხვა ნიშნებია დატანილი. თუმცა, პრინციპი იგივეა — მათი სროლით შესაძლებელია აზარტულ თამაშში ორი შემთხვევითი ვარიანტის მიღება, როგორც მონეტის აგდებისას.

„ტრადიციულად, ისტორიკოსები კამათელს და ალბათობას ძველი სამყაროს ინოვაციად მიიჩნევენ. მაგრამ არქეოლოგიური აღმოჩენა აჩვენებს, რომ უძველესი ადგილობრივ ამერიკელთა ჯგუფები მიზანმიმართულად ამზადებდნენ ობიექტებს, რომლებითაც შეეძლოთ შემთხვევითი შედეგების მიღება, შემდეგ კი ამ შედეგებს სტრუქტურირებულ თამაშებში იყენებდნენ, იმაზე ათასობით წლით ადრე, ვიდრე აქამდე გვეგონა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგი რობერტ მადენი.

ეს უძველესი ობიექტები ახლა არ აღმოუჩენიათ, მაგრამ ახალია მათი, როგორც კამათლის პოტენციური ფუნქცია. მადენმა შეიმუშავა ტესტი — ამერიკელი ინდიელების არტეფაქტების ანალიზით, რომლებიც უკვე კამათლებად იყო ცნობილი, მან გამოავლინა ოთხი საერთო მახასიათებელი.

შემდეგ ერთმანეთს შეადარა პოტენციურად თამაშის ნაწილად მიჩნეული სხვა არტეფაქტები, რათა ენახა, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე საერთო მახასიათებლები. რომლებსაც ოთხივე მახასიათებელი ჰქონდა, „დიაგნოსტიკურ“ პრეისტორიულ ადგილობრივ ამერიკულ კამათლად ჩათვალეს, ხოლო ისინი, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, „სავარაუდო“ კამათლებად.

იმისათვის, რათა კამათლად ჩაითვალოს, ობიექტი ორგვერდა უნდა იყოს, ხისგან ან ძვლისგან დამზადებული; თითოეული გვერდი მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც წესი, ნახატებით, პიგმენტებით ან მონიშვნებით; უნდა ჰქონდეთ ბრტყელი ან ოდნავ მოღუნული ზედაპირები; უნდა იყოს შესაფერისი ზომისა და ფორმის, რათა მოთამაშეებმა ხელში რამდენიმე მათგანი ერთდროულად დაიჭირონ და დაბლა, ზედაპირზე ისროლონ.

„უმეტეს შემთხვევაში, ეს ობიექტები უკვე აღმოჩენილი და გამოქვეყნებულია. გვაკლდა არა მტკიცებულება, არამედ მკაფიო, კონტინენტის მასშტაბის სტანდარტი იმის ამოსაცნობად, რაც ჩვენ წინაშე იყო“, — ამბობს მადენი.

არტეფაქტებში, რომლებიც მადენმა შეისწავლა, გამოავლინა 565 ისეთი, რომელიც კამათლის ოთხივე კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. კიდევ 94 ობიექტი სავარაუდოდ კამათელი იყო, ჰქონდა ზოგიერთი მახასიათებელი. არტეფაქტები აღმოჩენილი იყო ჩრდილოეთ ამერიკის 57 სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლზე, მიუყვებოდა ათასობით წლიან ისტორიას.

ყველაზე ძველი თარიღი ფოლსომის კულტურას ეკუთვნის, არის დაახლოებით 12 200 – 12 800 წლის წინანდელი; ამ კულტურის აღმოჩნდა 12-ზე მეტი „დიაგნოსტიკური“ კამათელი. თუმცა, ერთი „სავარაუდო“ კამათელი შეიძლება ეკუთვნოდეს კლოვისის ხალხს და 13 000 წლის იყოს.

ამერიკის კონტინენტის გარეთ, კამათლების უძველესი ნიმუში მხოლოდ 5500 წლისაა და ნაპოვნია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, თუკი ჩრდილოამერიკული კოლექცია კამათლების ადრეული ფორმაა, დროში გაცილებით უკან იწევა არა მხოლოდ ამ ტიპის თამაში, არამედ გარკვეული სახის მათემატიკური აზროვნებაც.

„ეს აღმოჩენა ძლიერ მნიშვნელოვანია, რადგან მათემატიკის ისტორიკოსები კამათლისა და აზარტული თამაშების გამოგონებას ხშირად მიიჩნევენ კაცობრიობის მიერ შემთხვევითობისა და სამყაროს ალბათური ბუნების აღმოჩენისა და გაგების განვითარების ადრეულ, გადამწყვეტ ნაბიჯად“, — წერს მადენი პუბლიკაციაში.

რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ ეს არტეფაქტები სულაც არ იყოს უძველესი კამათლები — მადენი აღიარებს, რომ ეს ობიექტები შეიძლება სხვა მიზნებით გამოიყენებოდა, მაგალითად, მკითხაობისთვის. თუმცა, ამ სხვა მიზნების მტკიცებულება არ არის ისე ძლიერი, როგორიც თამაშის.

„კვლევის შედეგები მიუთითებს კამათელზე, აზარტულ თამაშზე, რომელმაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სულ მცირე 12 000 წლის განმავლობაში, რაც დღემდე გრძელდება“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგი რობერტ მადენი.

კვლევა American Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი