ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისთვის მზადყოფნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერტ კაიუ ამბობს, რომ მთელი 2025 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1 პროცენტზე ნაკლების დაკავება მოახერხა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე კაიუმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების არაერთი ინიციატივის არსებობის მიუხედავად, უკრაინაში სამხედრო ოპერაციები და ინტენსიური ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს.
„რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის თავის მიზნებს სამხედრო მოქმედებით ან მის გარეშე მიაღწევს. მოსკოვი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ მას ამ ომის არსებული ტემპით გაგრძელება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია“, - თქვა კაიუმ.
„თუმცა, 2025 წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1 პროცენტზე ნაკლების დაკავება შეძლო. მომდინარე წელი რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის მძიმე დანაკარგებითაც არის გამორჩეული. საუბარია დღეში 1000-1500 მებრძოლის დაკარგვაზე, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ეს დანაკარგები ძალიან დიდ რაოდენობას აღწევს“, - დასძინა მან.
კაიუს თქმით, დროთა განმავლობაში, რუსეთის ტაქტიკა შეიცვალა და გასული რამდენიმე კვირა დრონების ფართომასშტაბიანი თავდასხმებით გამოირჩეოდა, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ყოველდღიურად გამოიყენება ასობით დრონი, ამას თან ერთვის იერიში ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის მონაწილეობით. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მათი უმეტესობის ჩამოგდებას ახერხებს, მაგრამ რამდენიმე დრონი და სხვადასხვა ტიპის რაკეტა მაინც არღვევს თავდაცვას, რაც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ზიანს აყენებს. თუმცა, უკრაინა ჯერჯერობით ახერხებს ყველა დაზიანებისა და ელექტროენერგიის გათიშვის საკმაოდ სწრაფად აღმოფხვრას, რაც უკრაინის მედეგობის მაღალ დონეზე მეტყველებს“, - აღნიშნა კაიუმ.
სიტუაცია ფრონტის ხაზზე და უკრაინის საპასუხო ზომები
კაიუს თქმით, პოკროვსკ-მირნოგრადის მიმართულებაზე რუსეთის ფოკუსი უცვლელი რჩება, თუმცა იქ მხოლოდ შეზღუდულ წარმატებას აღწევს.
„ეს წარმატება, ძირითადად, ლოკალური ხასიათისაა, თუმცა ამ რეგიონში უკრაინული ქვედანყოფილებების მომარაგებაზე გავლენას მაინც ახდენს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინა, პარალელურად, ქმნის მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებს, რათა მისმა ქვედანყოფილებებმა საბრძოლო ოპერაციების გაგრძელება შეძლონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინა თავის ტერიტორიებს მარტივად არ დათმობს და ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ ეს ტაქტიკურად მიზანშეწონილი და გონივრული იქნება“, - განაცხადა კაიუმ.
მისივე შეფასებით, რუსულმა ძალებმა შეზღუდულ წარმატებას მიაღწიეს ხარკოვის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც, სადაც უკრაინის თავდაცვითი ოპერაციები და კონტრშეტევები ასევე გრძელდება.
„მთლიანობაში, რუსეთის პროგრესი კვლავ საკმაოდ უმნიშვნელოა და თან ახლავს საკმაოდ დიდი დანაკარგები როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის კუთხით“, - ამბობს კაიუ.
ესტონეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა, საპასუხო ზომების სახით, ასევე აგრძელებს ზუსტი დარტყმების განხორციელებას შორ მანძილზე მდებარე რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს, წარმატებით აწარმოოს ეს ომი.
„მაგალითად, მუშაობა შეაჩერა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინამ ამ ობიექტს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა. ასევე სერიოზულად დაზიანდა თხევადი გაზის ტერმინალი ტემრიუკის (კრასნოდარის მხარე) პორტში. უკრაინის საზღვაო აქტივობის კარგი მაგალითია თავდასხმა ტანკერ „დაშანზე“, რომელიც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის“, - აღნიშნა კაიუმ.
9 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ წამოაყენა „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადება, რაც გულისხმობს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას კიევის მხრიდან, თუ მოსკოვიც ასევე შეწყვეტს შეტევებს უკრაინის ანალოგიურ ობიექტებზე.
თუმცა, რუსეთმა ეს წინადადება იმ იმედით უარყო, რომ უკრაინაზე მეტი ზეწოლის მოხდენას მოახერხებს.
პრესკონფერენციაზე კაიუმ ყურადღება ოფიციალური კიევის იმ განცხადებზეც გაამახვილა, რომლის თანახმად, უკრაინამ უკვე დაიწყო სამხედრო ოპერაციებში საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამოყენება. კაიუ, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ უკრაინა ასევე იყენებს მოდიფიცირებულ ფრთოსან რაკეტა „ნეპტუნს“ და ფრთოსან რაკეტა „ფლამინგოს“.
„ამ სამმა სარაკეტო სისტემამ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გააფართოვა უკრაინის შესაძლებლობა, თავს დაესხას სამიზნეებს რუსეთის სიღრმეში, რაც ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს ნიშნავს“.
ამჟამად არსებული ოპერატიული ვითარების ანალიზისას, კაიუმ თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების არეალი თითქმის არ შეცვლილა და ორივე მხარე კვლავ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაზეა ფოკუსირებული.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების არაერთი ინიციატივის არსებობისა და რუსეთიდან მომდინარე რიტორიკის მიუხედავად, ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძოლებს ინტენსიური ხასიათი აქვთ და უკრაინა კვლავ ახერხებს თავისი ტერიტორიის აქტიურად დაცვას. ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხდება“,- დასძინა კაიუმ.
წყარო: 1 არხი