სადაზღვევო კომპანია Swiss Re-ს პროგნოზით, 2025 წელს ბუნებრივი კატასტროფების გამო გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა $220 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კომპანიამ, რომელიც თავად სადაზღვევო კომპანიებს აზღვევს, 2025 წლის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ზარალის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა: 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკამ $327 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ზარალის 33%-იანი კლება დაფიქსირდა იმის მიუხედავად, რომ იანვარში ლოს-ანჯელესის მდიდარ უბნებში ტყის ხანძრები მძვინვარებდა. ცეცხლმა 9 308 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, გაანადგურა სახლები და ბიზნესები, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვება აიძულა.
Swiss Re-ს მონაცემებით, ამ ხანძრით გამოწვეულმა დაზღვეულმა ზარალმა $40 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მას ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ტყის ხანძრად აქცევს.
ციურიხში ბაზირებული კომპანია აღნიშნავს, რომ ჯამური დაზღვეული ზარალი წინა წლის მაჩვენებელთან (141 მლრდ დოლარი) შედარებით 24%-ით შემცირდა, რაც ძირითადად ჩრდილოეთ ატლანტიკაში შედარებით მშვიდმა ქარიშხლების სეზონმა განაპირობა.
მიუხედავად ამისა, შტორმებით გამოწვეულმა დაზღვეულმა ზარალმა, 2025 წელს $50 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩრდილოეთ ატლანტიკის ტროპიკული ციკლონების სეზონზე 13 დასახელებული ტროპიკული შტორმი დაფიქსირდა, მათ შორის მე-5 კატეგორიის სამი ქარიშხალი: "ერინი", "უმბერტო" და "მელისა".
ქარიშხალი "მელისა", რომელმაც იამაიკა, ჰაიტი და კუბა დააზარალა, წლის ყველაზე ძვირად ღირებული შტორმი იყო - მისი დაზღვეული ზარალი $2,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
Swiss Re-ს განმარტებით, ძლიერი შტორმები კვლავ რჩება ზარალის ძირითად გლობალურ მამოძრავებელ ძალად. კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2025 წელი ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ხარჯებით მესამე ადგილზეა ისტორიაში.ყველაზე დიდი დანაკარგები ზედიზედ, 2023, 2024 და 2025 წლებში დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, მსოფლიო მასშტაბით სტიქიური უბედურებების დაზღვეული ზარალის 83% აშშ-ში მომხდარ შემთხვევებზე მოდის. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ ვიეტნამში, ტაილანდსა და ინდონეზიაში, ძლიერი წყალდიდობები დაფიქსირდა, თუმცა ამ კატასტროფების შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი შეფასება Swiss Re-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია.