საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.  

საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. საუბარი შეეხო ტურისტულ ბაზრებზე ერთობლივ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ნეგატიური გავლენის შემცირებას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის ჩართულობით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განახორციელებს პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებზე, რაც მოიცავს B2B შეხვედრებსა და როუდშოუებს. საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობასთან ერთად, დაგეგმილია  შიდა ტურიზმის დამატებით სტიმულირება და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ინიციატივებს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს