ტურისტული კომპლექსი „სოფლის ევოლუციის მუზეუმის" მიმართ ინტერესი უკვე არსებობს - ობიექტი ერთ თვეში გაიხსნება, - ამის შესახებ მწვანილების და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას“ თანადამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, ინტერესი ამ ეტაპზე, ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან უფრო გამოიკვეთა, თუმცა კომპანია უცხოელი ვიზიტორების მიზიდვის კუთხით, ტურისტულ კომპანიებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

"ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონი ლარი იქნება. აგროტურიზმთან ერთად, გვექნება კულინარული ტური და ასევე, ღვინის ტური. დიდი მოლოდინები გვაქვს, რადგან ბევრი ტურისტია ჩვენს მხარეში და ზოგადად, საქართველოში. ძირითადად გათვლა გვაქვს როგორც უცხოელებზე, ასევე ადგილობრივ მოქალაქეებზე. აღნიშნულის გარდა, ჩვენ პროექტში ასევე, გათვალისწინებულია სასტუმროც, რომელიც 16 ნომრიანია.

ამჟამად, მოთხოვნა ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან უფრო ჩანს, ვიდრე უცხოელების მხრიდან, თუმცა ტურისტული ობიექტის სრულად გახსნის შემდეგ გვაქვს იმედი, რომ უცხოელების ინტერესიც მაღალი იქნება, რადგან ტურისტული კომპანიები ჩვენი კომპლექსის გახსნას უკვე ელოდებიან. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან", - აცხადებს დავით ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე ნახევარ ჰა-ზე უკვე მოწყობილია და დაახლოებით, 1 ჰა-მდე ტერიტორიის მოწყობა მიმდინარეობს. "ჰერბიამ" აგროტურისტულ საქმიანობას დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, ხოლო "სოფლის ევოლუციის მუზეუმზე" მუშაობა მანამდე, 2 წლით ადრე დაიწყო. 

bp.ge