„სამედიცინო კონგრესი, რომელიც ნოემბერში საქართველოში უნდა ჩატარებულიყო გაუქმდა, რადგან პოლონელმა და ლიეტუველმა ექიმებმა კატეგორიული უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვლაზე“ - ამის შესახებ, „კომერსანტს“ კომპანია ODA DMC დამფუძნებელმა ვიკა შარიამ უთხრა, მისი თქმით დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლაზე თავს იკავებენ, რადგან ყველას ჰგონია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და  ყარაბაღში მიმდინარე პროცესები საქართველოშიც დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

 საქართველოს იმიჯი, როგორც უსაფრთხო ქვეყნის საშინლად შელახულია, ყველას ჰგონია, რომ ვიბომბებით, ყველას ჰგონია, რომ უკრაინა გვესაზღვრება, ფიქრობენ, რომ ყარაბაღის გამო საქართველოშიც დესტაბილიზაციაა და არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული.

მაგალითად დღეს საბოლოოდ გამიუქმეს 110 კაციანი საერთაშორისო კონგრესი, ერთ-ერთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, ნოემბრის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პოლონელმა და ლიეტუუველმა ექიმებმა  კატეგორიული უარი გამოაცხადეს აქ  ჩამოსვლაზე, ანუ ტრაგედია იმაშია, რომ ტრადიციული ბაზრების მცხოვრებლები, როგორც არის პოლონეთი და ლიეტუვა  უარს  ამბობენ  აქ  ჩამოსვლაზე და მაშინ როდესაც პოლონეთისთვის საქართველო მეორე სახლია, გამოდის რომ ამ ბაზრის  კონკრეტულ  სოციალურ  ფენას, კერძოდ  ექიმებს ვკარგავთ, რაც ნიშნავს  იმას, რომ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა საქართველო დარჩება Backpaker-ების და ჭაჭის მსმელი ტურისტების ამარა.

ჩვენ პოლიტიკურ სიტუაციას ვერ დავალაგებთ, პოზიცია - ოპოზიციას ვერ დავამშვიდებთ და სამწუხაროდ ამ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ, მაგრამ როდესაც ხარ ტურიზმის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, გევალება,რომ შენი ქვეყნის იმიჯი ყველანაირი ბერკეტით და ყველანაირი რუპორით დაიცვა და გააჟღერო, რომ აქ შესაძლებელია ჩამოსვლაც, კონფერენციის დაგეგმვაც, დასვენებაც და რომ ყველაფერი კარგად მუშაობს. მარტო მე ხომ არ ვკარგავ ამ კონგრესის  გაუქმებით შემოსავალს, კარგავს სახელმწიფო გადასახადის სახით, ვერ ვასაქმებ მძღოლს, გიდს  და ასისტენტებს.“ - აღნიშნა ვიკა შარიამ.

ვიკა შარიამ სასტუმროებთან თანამშრომლობის მიმართულებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ სასტუმროების მიმართულებითაც  ძალიან მძიმე  ვითარებაა, რადგან  არ  არსებობს  არანაირი ქარტია, პროფესიული  კავშირი , რომელიც ამას  ბაზარზე  დაარეგულირებს.

„წესით და რიგით დაუწერელი კანონი არსებობს იმისა რომ ადგილობრივმა სააგენტომ უნდა მიიღოს საერთაშორისო  სააგენტოზე დაბალი ფასი, მით უმეტეს მაშინ როდესაც შენთან მოდის პირდაპირ დამკვეთი ამ კონკრეტულ  შემთხვევაში ეს არის ფარმაცევტული კომპანია.

ფარმაცევტული კომპანია  იქაური აბუდაბელი სააგენტოს  მეშვეობით იწერება  აქ პირდაპირ სასტუმროში და სასტუმრო იმას უკვე ისეთ  ფასს  აძლევს, რომ მერე მე ქართული სააგენტო რომ მივდივარ სასტუმროსთან აღარ მაძლევს ისეთ ფასს, რომ 5 დოლარი დავამატო, მხოლოდ 5$-ზე მაქვს  საუბარი. არაფერში  არ ჯდება  ეს სიტუაცია, როგორ უნდა გადავრჩეთ, მე არ ვიცი. ყარაბაღის კონფლიქტის გამო უკვე მესამე კონგრესი გამიუქმდა, წარმოგიდგენიათ რამხელა შრომაა 100 კაციან ჯგუფზე ამ ყველაფრის ორგანიზება? ახლა ეს ჯგუფი მიდის სტამბოლში და თურქეთი ნახავს იმ შემოსავალს, რაც შეგვეძლო გვენახა ჩვენ“ - აღნიშნა ვიკა შარიამ.