ტურისტული სეზონი ახლოვდება. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ტურისტულ რუკაზე მდგომარეობა უმჯობესდება. მომავალი სეზონი  შავი ზღვისპირისთვის კვლავ იმედის მომცემია, თუმცა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თქმით, ეს ქვეყნის მუხრუჭია და არა პროგრესი, რადგან წელს სექტორს მხოლოდ აზიელ დამსვენებლებზე მოუწევს ფოკუსირება.

„ზამთრის შემდეგ ტურიზმის სექტორში უკეთესი ვითარებაა. საქართველოს ტურისტული რუკა შეგვიძლია დავყოთ და კონკრეტულ რაიონებზე ვისაუბროთ. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ვითარება გაუმჯობესდება შავი ზღვისპირა რეგიონებში, გაუჭირდება ქუთაისს, თბილისში კი გარდამავალი სიტუაცია იქნება.

ახლა ძალიან აქტიურია ისრაელის მხარე. ჩვენ გვქონდა ასეთი დასაწყისი, რომ თავიდან ქართველი ებრაელები ჩამოდიოდნენ და შემდეგ ეს სხვებზე გავრცელდა. ასევე, ძალიან გაიზარდა ირანელი ტურისტების რაოდენობა, ზაფხულისთვის კი ველოდებით პოსტსაბჭოთა სივრციდან ტურისტების ჩამოსვლას. სამწუხაროს, იმავეს ვერ ვიტყვი დასავლეთ ევროპელ ტურისტებზე და ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ქვეყნისთვის, როგორც ფისკალური, ისე სერვისის განვითარების კუთხით. თუ ტურიზმის სფერო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ეს სწორედ დასავლეთთან სიახლოვის გამო, რადგან ჩვენი კულტურები ერთმანეთს ემთხვევა.

ფასების ნაწილს რაც შეეხება, როგორც მოსალოდნელი იყო, ისე გაიზრდება ბათუმში, რადგან ზღვისპირეთში ტურისტები ნამდვილად გვეყოლებიან, ძირითადად აზიელი ტურისტები, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მუხრუჭია და არა პროგრესი.  საქართველო არ უნდა იყოს იაფი ქვეყანა უცხოელისთვის, 100$-ის გადახურდავებით ტურისტს 1 კვირა დასვენება არ უნდა შეეძლოს“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.