2023 წლის 31 მარტისთვის საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35.5%, უკრაინის მოქალაქეების 23.7% და ბელარუსის მოქალაქეების 44% შეფასებულია, როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი, ან საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველი. ინფორმაციას PMCG ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.
„2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონს მიაღწია, რაც 106%-ით მეტია 2022 წლის I კვარტალთან შედარებით და პანდემიამდელი მაჩვენებლის 79.9%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტები (საერთაშორისო ვიზიტები ღამისთევით) თითქმის გაუტოლდა პანდემიამდელ მაჩვენებელს (4.2%-ით ნაკლები) და 845,322 ვიზიტს მიაღწია. ეს შეიძლება განპირობებული იყოს პანდემიის დასრულების შემდეგ ტურისტულ სერვისებზე გლობალური მოთხოვნის ზრდით და ტურიზმთან არადაკავშირებული ფაქტორებით (რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების ფართომასშტაბიანი მიგრაციის/შემოდინების გაგრძელება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ).
2023 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა (256 787 ვიზიტი), რაც საერთაშორისო ვიზიტების საერთო რაოდენობის 24%-ს უტოლდება (2019 წელთან შედარებით 5 პპ-ით მეტი). აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წელთან შედარებით (257.7%) და გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს (1.1%). ვიზიტების რაოდენობით მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ მეზობელი ქვეყნები, თურქეთი (ვიზიტების საერთო რაოდენობის 20%, რაც პანდემიამდელ რაოდენობას 7.6%-ით აღემატება) და სომხეთი (ვიზიტების საერთო რაოდენობის 17%, პანდემიამდელ მაჩვენებელზე 21.5%-ით ნაკლები).
ბელარუსიდან ვიზიტების რაოდენობამ 181%-ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ რაოდენობას. რასაც მოსდევს ყაზახეთი (85.2%), ისრაელი (79.2%) და ინდოეთი (23.4%). მეორე მხრივ, აღდგენა ყველაზე დაბალი იყო აზერბაიჯანისთვის (86.2%-ით ნაკლები 2019 წლის I კვარტალთან შედარებით), რაც პირდაპირ უკავშირდება აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.