სვანეთში ტურისტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა, - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დამსვენებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.

"ზამთრის სეზონი სვანეთში კიდევ ერთი თვე გაგრძელდება. იანვრის პირველ ნახევარში ბევრი ტურისტი გვყავს, მეორე ნახევარში კი ნაკადი შემცირდა, თუმცა თებერვლის მეორე ნახევარში ინტერესი ისევ განახლდა და დიდი რაოდენობის ტურისტი გვყავს. ძირითადად არიან ევროპელი ტურისტები. გარდა ამისა, არიან რუსები, ბელორუსები, პოლონელები, უკრაინელები და სხვა. ადგილობრივი მომხმარებლებიც იყვნენ, თუმცა მცირე რაოდენობა.  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სვანეთში ტურისტების რაოდენობა მცირედით გაიზარდა", - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.

როგორც მესტიის მერი აღნიშნავს, ადგილობრივი ბიზნესები ვითარდებიან - მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში მესტიას 12 ნომრიანი სასტუმრო შეემატა. გარდა ამისა, ამ ეტაპზე კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე დასრულდება.

"ამჟამად, რაიონში ძირითადი ორიენტირი არსებული სახლების და შენობების რეაბილიტაციაზეა გაკეთებული. რა თქმა უნდა, ახალ მშენებლობებთან დაკავშირებითაც განცხადებები შემოდის. მათ შორის, საოჯახო ტიპის სასტუმროს მშენებლობის ნებართვაზე და სხვა", - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.

bp.ge