ტურიზმის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, მათ შორის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო, ტურისტული ჯავშნები უქმდება.
საქართველოში Air France-ის წარმომადგენელ კომპანია APG Georgia-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპიდან ტურისტული ვიზიტები უქმდება, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვებს აქტიურად სვამენ.
როგორც APG Georgia-ს დირექტორმა, ია ხომერიკმა BMG-ის განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
„ჩვენი კომპანია საქართველოში ევროპულ ავიაკომპანიებს წარმოადგენს და ჩვენი უფლებაა, რომ ის გზა გავაპროტესტოთ, რომელიც ქვეყანას ევროპას აშორებს. თუ ამას არ გავაპროტესტებთ, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება. ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, აისახება ტურიზმზე, ჩვენ უკვე გაგვიუქმდა ჯგუფები, ეს ჩვენს რეპუტაციაზე აისახება როგორც ქვეყანაზე, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დარტყმაა. ევროპის ქვეყნებიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან უქმდება ჯგუფები. ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი დასავლეთ ევროპიდანაა და იქიდანაც გაჩნდა კითხვები, რა ხდება საქართველოში, საშიში ხომ არაა, რა ვუყოთ ჩვენს ინვესტიციებს.
თუკი მოვლენები ასე გაგრძელდება, აუცილებლად კიდევ უფრო დაეტყობა ტურიზმის სექტორს. იმ ავიაკომპანიების ძირითადი მგზავრები, რომლებიც ევროპის მიმართულებით დაფრინავენ, 80% შემომავალი ტურისტია. რა თქმა უნდა, თუკი ტურისტების რაოდენობა შემცირდება და ევროპიდან ტურისტები აღარ შემოვლენ, ფრენების რაოდენობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განაცხადა ია ხომერიკმა.