ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ დეკემბრის თვის ჯავშნების 60% უკვე გაუქმებულია და ტურისტები დაგეგმილ ვიზიტს ყოველდღიურად აუქმებენ. მისი შეფასებით რთულია ზარალის ზუსტი ოდენობის დასახელება, თუმცა ის მილიონებს უკვე გასცდა.

,,ქვეყანაში შექმნილი ვითარება უკვე აისახა სექტორზე. ტურიზმი ეს არის ყველაზე მყიფე ბიზნესი საქართველოში, რომელზეც ყველაფერი აისახება. აისახა უკვე ჯავშნებზე. დეკემბრის ჯავშნების თითქმის 60% უკვე გაუქმებულია. თბილისში განსაკუთრებით. ზამთრის ჯავშნებზე ყოველდღიურად უამრავი ზარი შემოდის. ხალხი ელოდება მოვლენების განვითარებას. წინასწარი ჯავშნები გაკეთებული იყო დიდი ხნით ადრე, თუმცა ამ ეტაპზე ხალხი რეკავს და ყოველდღიურად ინტერესდება რა მოხდება ქვეყანაში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ჯავშნები ქვეყანაში გარანტირებული აღარ არის. გვეუბნებიან, რომ შეიძლება გადაიფიქრონ და ელოდებიან მოვლენების განვითარებას. ჯავშნები გაუქმებულია ძირითადად სამეზობლოდან. ბოლო რამდენიმე წელია, ახალ წელს ბევრი სტუმარი გვყავს სომხეთიდან. თბილისში განსაკუთრებით. საკმაოდ ბევრი გაუქმება წამოვიდა სომხეთიდან. გაუკვირდათ ჩვენთან რაც ხდება.’’- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ არასტაბილური პერიოდის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანაში ტურიზმს დიდი დრო არ უწერია. მისი თქმით, სექტორის განვითარებისთვის გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობაა საჭირო.

,,ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზარალის ოდენობას, რადგან ყოველდღიურად უქმდება ჯავშნები. რა თქმა უნდა, მილიონ ლარებს უკვე ავცდით დიდი ხანია. თუ არ იქნება მშვიდობა მორჩა. სხვანაირად ტურიზმი ვერ ვითარდება, საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. პირდაპირ ვიძახი, სტაბილურობა თუ არ იქნება ტურიზმს დიდი დრო არ უწერია. ’’- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.