საქართველოს ზაფხულის ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია- ბახმარო, გურიაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 900-2000 მეტრზე  მდებარეობს. კურორტი ბუნების ხელუხლებელი სილამაზითა და მკვეთრი კლიმატური პირობებით გამოირჩევა, რის გამოც წლების განმავლობაში ბახმარო პოპულარული დასასვენებელი მხოლოდ ადგილობრივებისთვის იყო.

სწორედ უნიკალური მდებარეობისა და ბუნების გამო, უკანასკნელი წლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც კურორტის ინფრასტრუქტურა მეტწილად გააუმჯობესა.

„საქართველოს მთის კურორტების“ დამფუძნებელი  და ერთ-ერთი კოტეჯის მეპატრონე, ელენე ცხომელიძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე ბახმაროს წყალი და ელექტროენერგია მიეწოდება, მიმდინარეობს მუშაობა გაზის მიწოდებაზეც.

მისი შეფასებით, ბახმაროს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს არა მხოლოდ ზაფხულის კურორტი, არამედ ზამთრის ტურისტულ რუკაზეც მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს და საქართველოს დიდი ფინანსური მოგება მოუტანოს.

„კურორტი ბახმარო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ დამსვენებლების ძირითადი სეგმენტი ბავშვიანი ოჯახებია. ექიმები ხშირად უწერენ ბავშვებს ბახმაროში დასვენებას, განსაკუთრებით მათ, ვისაც ბრონქების ანთება ან ასთმა აქვს, ,ადრე სურამი ბევრად პოპულარული იყო, მაგრამ ახლა ბახმაროშიც დაჰყავთ.

გაზრდილია მოთხოვნა კომფორტზეც, უწყვეტ წყალზე, ელექტროენერგიისა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაზე. ერთადერთი გაზი არ გვაქვს და ალბათ, ესეც მალე იქნება.

მართალია ბახმარო ზაფხულის კურორტია,  მაგრამ ჩემი აზრით ზამთრის კურორტიც უნდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი თოვლი მოდის, შესაძლებელია გაწმენდილი სამუშაოები ჩატარდეს და დიდი შემოსავალი მივიღოთ. ზამთარში ძალიან დიდი მოთხოვნაა ბახმაროზე, რომელიც ხშირად ვერ კმაყოფილდება; მაგალითად,  გერმანელ ტურისტებს გაუკვალავ თოვლში სრიალი უფრო მოსწონთ, ვიდრე მოწესრიგებულ ტრასაზე“,- აღნიშნავს ელენე ცხომელიძე.

მისივე თქმით, ბახმაროს კოტეჯებში ერთი ღამის გატარება საშუალოდ, 70 ლარიდან იწყება და სეზონის პიკისთვის 200-მდე იზრდება.

„უცხოელებს რაც შეეხება, ბევრი დამსვენებელი გვყავს ისრაელიდან, უკრაინიდან, გვაქვს მოთხოვნა იტალიიდანაც.

ფასები ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არა.  ვინც კომფორტს ეძებს, ის თანახმაა, დღეში 70-80 ლარი გადაიხადოს. თუ გავითვალისწინებთ, რა შრომას მოიცავს ბახმაროში კოტეჯის აშენება და გამართვა, ეს ფასი ძვირი ნამდვილად არ არის. ფასები ძირითადად დროზეა დამოკიდებული, ივლისის თვეში კეთილმოწყობილი კოტეჯი 100-120 ლარი ღირს ერთი ღამისთვის. აგვისტოში ფასები შედარებით მაღალია, 150-200 ლარამდე, რაც აპარტამენტისთვის ძვირი არ არის“,- აღნიშნა „საქართველოს მთის კურორტების“ დამფუძნებელმა, ელენე ცხომელიძემ.