ჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

საოჯახო-სასტუმრო სახლების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია.

„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე.