სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141 000 მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28 400 ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9%-ით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5%-ით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 041.4 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 27.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის III კვარტალში მიიღო 1 002.5 ათასი მგზავრი (28%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 038.9 ათასი მგზავრი (26.7%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის III კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.1% რეგულარულ ფრენებზე მოდის.

რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის III კვარტალში 8.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 19.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4 800 ტონა შეადგინა. აქედან, 85.4% მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6% - გაგზავნილი.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.