სოციალური მედიის პლატფორმა “X” ახალ პოლიტიკას ამოქმედებს, რომლის მიხედვითაც ავტორებმა მკაფიოდ უნდა მიუთითონ, როცა ვიდეოები, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტს ასახავს, ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. გადაწყვეტილება მიღებულია ომის დროს დეზინფორმაციის ზრდასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე, როდესაც სინთეზურმა ვიზუალმა შეიძლება რეალობასა და სიყალბეს შორის ზღვარი ბუნდოვანი გახადოს.
პროდუქტის მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ავტორებს, რომლებიც კონფლიქტთან დაკავშირებულ ვიდეოებში AI-ს გამოყენებას არ გაამჟღავნებენ, მონეტიზაციასთან დაკავშირებული სანქციები დაეკისრებათ. პირველივე დარღვევის შემთხვევაში ისინი 90 დღით ჩამოშორდებიან Creator Revenue Sharing პროგრამას, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შეიძლება სამუდამოდაც გამოეთიშონ მას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს დაკარგვას ნიშნავს.
კომპანიის განცხადებით, ეს წესი მიზნად ისახავს კონფლიქტების პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის დაცვას. პლატფორმამ ხაზი გაუსვა, რომ ომის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილზე არსებული რეალური ინფორმაციისა და რეპორტაჟების ხელმისაწვდომობა. იმ ფონზე, როდესაც გენერაციული AI-ს ინსტრუმენტები სულ უფრო რეალისტური საბრძოლო სცენების შექმნას ახერხებს, იზრდება რისკიც, რომ ყალბი კადრები საზოგადოების მხრიდან ნამდვილ დოკუმენტაციად იქნეს აღქმული.
ამის მიუხედავად, პლატფორმა AI-თ შექმნილ ომის კადრებს სრულად არ კრძალავს. ავტორებს კვლავ შეუძლიათ ასეთი კონტენტის გამოქვეყნება, თუმცა, თუ მონეტიზაციის გათიშვა არ სურთ, მათ უნდა გაამჟღავნონ, როგორ და რა მეთოდით არის შექმნილი ვიდეო. მიდგომა უფრო გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული, ვიდრე შეზღუდვებზე.
თუმცა მიღებულმა გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია დისკუსია. ეს მოთხოვნა კონკრეტულად ეხება მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის ვიდეოებს და არ ვრცელდება სხვა ტიპის AI-თ შექმნილ დეზინფორმაციაზე. ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი ვიწრო ფოკუსი ხარვეზიანია, მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ ომის პერიოდში დეზინფორმაციას განსაკუთრებული რისკები აქვს და შესაბამისად, მიზნობრივ რეაგირებას საჭიროებს.