ამ ანგარიშთან დაკავშირებული ბოლო ტრანზაქცია 2011 წლით თარიღდება. თოთხმეტი წლის შემდეგ, ორი ციფრული საფულე, რომელთაგან თითოეულში 10 000 ბიტკოინი იყო, დაცარიელდა. იმ დროს ბიტკოინები 15,600 დოლარი ღირდა, 2025 წლისთვის კი მათი ფასი 2.18 მილიარდი დოლარი იქნება.
მაგრამ ამ ბიტკოინების მფლობელი აქ არ გაჩერებულა. შემდეგ მან 10,000 ბიტკოინი გადაიტანა ექვს სხვა საფულეში. საერთო ჯამში, გადატანილი 80,000 ბიტკოინი ახლა ღირს 8.6 მილიარდი დოლარი.
ეს ფინანსური ოპერაცია შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც Futurism-ი იუწყება, ზოგი მას „საუკუნის გარიგებასაც“ კი უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ იდუმალ მფლობელს თავისი ბიტკოინები კი არ გაუყიდია, არამედ ისინი, უბრალოდ, სხვა ციფრულ საფულეებში გადააადგილა.
როგორც Slate განმარტავს, „ეს მარტივი ნაბიჯი აინტრიგებს დამკვირვებლებს, რომლებიც მას განიხილავენ როგორც უსაფრთხოების ზომას, ასევე ტრადიციულ ვალუტაზე ბიტკოინების კონვერტაციის შესაძლო პრელუდიას“.
მსგავსი ნაბიჯი, თუმცა, უფრო მცირე თანხით, ამ წლის დასაწყისშიც გადაიდგა. 62 000 ბიტკოინი სხვა ციფრულ საფულეში მას შემდეგ გადაიტანეს, რაც შვიდი წლის განმავლობაში ის არააქტიური იყო. „ეს შეიძლება გრძელვადიან მფლობელებს შორის განწყობების ცვლილებაზე მიუთითებდეს, - განმარტეს პლატფორმა CryptoQuant-ის ანალიტიკოსებმა,- რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მაკროეკონომიკური ცვლილებებით, ფასების ცვლილებების მოლოდინით ან ინსტიტუციური ლიკვიდურობის საჭიროებებით“.
როგორც არ უნდა იყოს, ამ 80 ათასი ბიტკოინის მფლობელის მიერ გამოვლენილი მოთმინება სამაგალითოა. „ყველაზე გასაოცარია ის თავშეკავება, რომელიც უნდა შეინარჩუნოთ ბაზრის ყველა ციკლის განმავლობაში, რათა ბიტკოინები ამდენი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ შეინახოთ“, - აღნიშნა სავაჭრო პლატფორმა BTC Markets-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეროლაინ ბოულერმა MarketWatch-თან ინტერვიუში.
ცხადია, ბიტკოინების მფლობელის ვინაობა უცნობია და ასეთადაც უნდა დარჩეს.