საინფორმაციო სააგენტო Reuters -ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მომდევნო 30 დღის განმავლობაში მიიღებს.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს გეგმაზე, რომელიც ინვესტორების მოზიდვას, მონაცემთა შეგროვებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მოთავსებას Oracle-ის კონტროლის ქვეშ გულისხმობს.
სავარაუდოდ, პლატფორმის დედა კომპანია, ByteDance კომპანიაში წილს შეინარჩუნებს, თუმცა, მონაცემთა შეგროვებასა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობას Oracle აიღებს.
„ბევრ ადამიანს ვესაუბრე TikTok-ის შესახებ და არის დიდი ინტერესი მის მიმართ. [...] ბევრი სერიოზული ადამიანი მელაპარაკება TikTok-ის ყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ალბათ უახლოეს 30 დღეში მივიღებ. თუ ჩვენ შევძლებთ TikTok-ის გადარჩენას, ვფიქრობ, ეს კარგი იქნება“, - უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 იანვარს, TikTok-ის პოტენციური აკრძალვის ამოქმედებამდე, ამერიკული აპლიკაციის შეძენის სურვილი რამდენიმე მილიარდერმა, ასევე რამდენიმე კომპანიამ და ინვესტორებმა გამოხატეს. თუმცა თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვის დროებით გაუქმების ბრძანებას ხელი მოაწერა, რითაც ჩინურ კომპანიას ბიზნესის გასხვისების ვადა გაუხანგრძლივდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა TikTok-ის ერთ-ერთ მყიდველად ილონ მასკს განიხილავდა. პოპულარული სოციალური პლატფორმა TikTok-ის შესაძენად ინვესტორთა ახალ ჯგუფს მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კონტენტკრეატორი ჯიმი დონალდსონიც შეუერთდა. ამერიკელი ინვესტორებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ტექნოლოგიური სფეროს ანტრეპრენიორი ჯეს ტინსლი ხელმძღვანელობს.