Tesla-ს განცხადებით, კომპანიამ თითქმის ყველა გაყიდული, 46 000 Cybertruck გამოიხმო, რისი მიზეზიც ავტომობილის ექსტერიერის კოსმეტიკური პანელია. კომპანიის თქმით, არსებობს რისკი, რომ აღნიშნული პანელი მანქანას მოძრაობაში მოსძვრეს და ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ხარვეზის გამო კომპანია ყველა იმ ავტომობილს იბრუნებს, რომელიც 2023 წლის ნოემბრის შემდეგაა წარმოებული.

Tesla-ს განცხადებით, კომპანიაში აღნიშნულ პანელთან დაკავშირებით 151 საგარანტიო განცხადება შევიდა, თუმცა ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევებსა და პოტენციურ დაზიანებებზე ავტომწარმოებელს ინფორმაცია არ აქვს.

წუნდებული ავტომობილის მფლობელები შესაბამის შეტყობინებას მაისის ბოლომდე მიიღებენ, კომპანია მათ Cybertruck-ს უფასოდ შეაკეთებს.

Tesla-ს მიერ Cybertruck-ის გამოთხოვის ეს შემთხვევა არა პირველი, არამედ მერვეა, თუმცა ყველაზე მასშტაბური. მანამდე ავტომობილს აჩქარების პედლის, უკანა ხედვის კამერისა და სხვა სახის პრობლემები ჰქონდა.

წყარო: bm.ge