Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი ერიკ შმიდტი შიშობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ტერორისტები გამოიყენებენ იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ავნონ.

BBC-თან ინტერვიუში შმიდტმა აღნიშნა, რომ მათ ტექნოლოგიები შეიძლება ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის გამოიყენონ.

მაგალითისთვის, მან ბინ ლადენი მოიყვანა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო, რომლის დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.

„მე ყოველთვის ვნერვიულობ „ოსამა ბინ ლადენის“ სცენართან დაკავშირებით, როდესაც მართლა არსებობს ბოროტი ადამიანი, რომელიც ითვისებს ჩვენი თანამედროვე ცხოვრების რომელიმე ასპექტს და იყენებს მას იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ავნოს“, - განაცხადა შმიდტმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს შორის უნდა იყოს უწყვეტი კავშირი და ეს სფერო უნდა მკაცრად რეგულირდებოდეს.

შმიდტმა აღნიშნა, რომ 15 წლის წინ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ესმოდათ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის, თუმცა დღეს ეს ასე აღარ არის.

შმიდტი Google-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2001-2017 წლებში იკავებდა.

წყარო: imedinews.ge